მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰქონდა თუ არა კაკაურიძეს ფოთის პორტზე ნებართვის გაცემის თურნავასთან შეთანხმების ვალდებულება

5cfa60253e674
თელარა გელანტია
07.06.19 16:20
1109
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე არ იყო ვალდებული, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების თაობაზე ნებართვის გაცემის საქმის კურსში ჩაეყენებინა.

აღნიშნული საკითხით რომან გოცირიძე დაინტერესდა; გარდა ამისა, დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, თუ უშუალოდ ნათია თურნავასთან არ ჰქონდა კომუნიკაცია გრიგოლ კაკაურიძეს, ვინაა ის კურატორი მოადგილე, ვინც საქმის კურსში იყო, თუმცა თურნავამ კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„ეს არის მარტივი წინასწარი დოკუმენტი, რომლის გაცემის წინაპირობა არ არის მიწის საკუთრება, არ არის მიწის პრივატიზება. წინაპირობა არის მხოლოდ ის, რომ მიწა უნდა იყოს რეგისტრირებული მის მეპატრონეზე და არა პროექტის განმახორციელებელზე.... ეს არის იმდენად უმნიშვნელო დოკუმენტი, რომ თქვენც კი ვერ წარმოგიდგენიათ. ეს გაიცემა ისე, რომ მიწის საკუთრება არც კი არის პოტენციურ ინვესტორზე გადაცემული; ესაა განაცხადი, რომ მას სურს ამ პროექტის განხორციელება და ეს პროექტი და განაცხადი არახალია - ცნობილია 90-იანი წლებიდან. აქედან გამომდინარე, ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა დამაბრკოლებელი ანაკლიის პორტის პროექტისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ თუნდაც ასეთი საბაბი არ მიგვეცა, როგორც კი ეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, მყისიერად მოვახდინეთ საკმაოდ მკაცრი რეაგირება.

რაც შეეხება იმას, ვინ იცოდა, ვინ არ იცოდა და როგორ მოხდა ამ ნებართვის გაცემა - ფაქტია, რომ პროცესი მართლაც დაიწყო მანამ, სანამ მე დავინიშნებოდი მინისტრად, ახლა მიმდინარეობს ამ საკითხზე შიდა მოკვლევა; შიდა მოკვლევის ამოცანაა არა ის, რომ პირველ რიგში, ვინმე დაისაჯოს, რადგან ჩვენ უკვე მივიღეთ ყველაზე მძიმე საკადრო გადაწყვეტილებები, არამედ ის, რომ მე პირადად და ჩვენ გავერკვეთ, რამ ვერ იმუშავა სისტემაში, მისკომუნიკაცია იყო თუ როგორ მოხდა ისე, რომ კი - სსიპ-ის ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე არ იყო ვალდებული, რომ ახალმოსული მინისტრი ჩავეყენებინე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს დოკუმენტი პროცედურულად ბოლოშია გასული და გაიცემა, მაგრამ რა საკვირველია, როდესაც საუბარია მნიშვნელოვან თემაზე, მნიშვნელოვან პროექტზე, მნიშვნელოვან ინვესტორზე, მას ჩემთან ეს კომუნიკაცია უნდა ჰქონოდაა“, - განაცხადა მინისტრმა.

რომან გოცირიძის კითხვაზე - „რომელი მოადგილე კურირებს მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს და იცოდა თუ არა ამის შესახებ“, ნათია თურნავამ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა:

„ბატონო რომან, მე ვაფასებ, რომ გვეხმარებით ამ შიდა პროცედურების გარკვევაში, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, გვყავს კომპეტენტური სტრუქტურა - შიდა აუდიტი, მოკვლევა მიმდინარეობს და თუ ისეთი სურათი გამოიკვეთება, რომელსაც ჩავთვლით, რომ საზოგადოებისთვის საინტერესოა, აუცილებლად გაგაცნობთ, მაგრამ მთავარია არა ის, რა მოხდა, მთავარია, ის სტატუსი რაც გვაქვს დღეს - გვაქვს ანაკლიის პორტის პროექტი, არცერთი დოკუმენტი, თუნდაც მეორე ხარისხოვანი ხელს არ უშლის მის განვითარებას. ჩვენი მხრიდან უკვე განხორციელებულია მხარდაჭერა და ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ველოდებით ინვესტორს, რომ თავისი მხრიდან გადადგას ნაბიჯი“, - აცხადებს თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები