„ჰუალინგ ჯგუფი", რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის(ჭანტურიას 12) ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჯამში 17 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ BM.GE-ს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 17 000 ლარი „ჰუალინგ ჯგუფს“ 21 აპრილიდან დღემდე 34 დღის განმავლობაში დაუგროვდა. ჯარიმის ოდენობა დღეში 500 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ჭანტურიას 12-ში მდებარე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა, პროგრამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გაიყიდა.
ინვესტორის ვალდებულება 2016 წლის პირველი იანვრიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება იყო. „ჰუალინგ ჯგუფს" სასტუმროს სამშენებლო ვადები 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა, ადგილზე კი სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ არის.

























