საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, ქ. პეკინში ახალი ტექნოლოგიების კორპორაცია „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი მოინახულა.
საქართველოს დელეგაციას, ასევე, წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს ავრცელებს.
"სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. მინისტრთან დიალოგის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ ინვესტიციებსა და ყურადღებას მივმართავთ საქართველოსკენ. საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, ხოლო „ჰუავეი“ როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ამ სფეროში, გეგმავს საქართველოში ინვესტიციის ჩადებას, განსაკუთრებით, სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მიმართულებით. "ჰუავეი" მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას",- აცხადებს ჰუავეის" პრეზიდენტი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს ჩენი.

























