მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HUB Georgia-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ავია ბაზარზე ხელოვნურად ერევა

5c0650bd92e94
მაია ბიწაძე
04.12.18 14:01
1297
საქართველოს საავიაციო ბაზარზე შექმნილ ვითარებასთნ დაკავშირებით, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო პლატფორმა HUB Georgia განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი Bm.ge-სთან აცხადებს, ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს უკავშირდებოდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ავია ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრობლემაა.

კერძოდ, საუბარია Myway Airlines-ის მიერ რეისების შეჩერებაზე, რის შესახებაც ცნობილი გასულ კვირას გახდა.

,,Myway Airlines-ს ხელმძღვანელობა ფრენების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად ზამთარში მგზავრთნაკადის შემცირებას ასახელებს, მაგრამ მათივე განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ პრობლემა ბევრად მასშტაბურია და ავია ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა.

ჩვენ არაერთხელ ვიყავით მომსწრენი საქართველოს ავია ბაზარზე არსებული რყევებისა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოში დაფუძნებულიყო ახალი ავიაკომპანია და მათ თავი დაემკვიდრებინათ, წარუმატებელი აღმოჩნდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართული ავიაკომპანიები Fly Georgia, AEROVISTA, AIR Caucasus, AIR Georgia და სხვა, რომლებმაც საქართველოს ავია ბაზარზე თავი ვერ დაიმკვიდრეს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ქართული წამყვანი ავიაკომპანია Georgian Airways-ის ქეისიც, როცა ის რუსული ავიაკომპანიების მხრიდან დემპინგური ფასების გამო ზეწოლას განიცდიდა და მათთან არაჯანსაღ კონკურენციაში პაექრობა უწევდა.
ბოლო წლების საქართველოს ავიაციის ბაზრის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს ქართულ ავია ბაზარზე არსებული გარემო არაჯანსაღია და ეროვნულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში არამეგობრულია. არადა, სწორედ ეროვნული ავიაკომპანიების სიძლიერე და ჯანსაღი კონკურენცია ავიაციის სექტორის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობაა“, - განმარტავს ვასო ურუშაძე.

მისივე განცხადებით, გარდა სხვადასხვა კონკურენციის შემაფერხებელი და ხელის შემშლელი ფაქტორებისა, HUB Georgia-ს აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ხელოვნურად ერევა საქართველოს ავია ბაზარზე, რაც სხვადასხვა ავიაკომპანიების მიმართ გარკვეულ პრეფერენციებში და ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებთან და არღვევს საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ.

,,გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირს ავიაციის სექტორში გაფორმებული აქვს არაერთი შეთანხმება, რითაც საქართველოზე ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (EASA) სტანდარტები ვრცელდება. ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, არსებული სტანდარტები კატეგორიულად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მხრიდან კერძო ავიაკომპანიების ფინანსურ მხარდაჭერას და პირდაპირ, თუ ირიბ დოტაციას. სახელმწიფოს მხრიდან, კერძო ავიაკომპანიის მიმართ, ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა თავისუფალ ბაზარზე უხეშ ჩარევად და კონკურენციის შეზღუდვად აღიქმება. ეს ფაქტორი იწვევს რყევებს კერძო ავიაციის ბაზარზე და ქმნის არაჯანსაღ გარემოს, რომელიც საბოლოო ჯამში განვითარებას აფერხებს“, - აცხადებს ვასო ურუშაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia” საჯაროდ და წერილობით მიმართავს საქართველოს მთავრობას, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროს, მეტი თვალსაჩინოებისთვის და სიცხადისთვის გასაჯაროვდეს 2012 წლიდან დღემდე, რომელი ადგილობრივი და საერთაშორისო ავიაკომპანიები სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან ს ხვადასხვა პრეფერენციებით და ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, გასაჯაროვდეს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების სატარიფო პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მიმართებაში.

,,კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ , რომ სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში ხელოვნური ჩარევა არასწორია და ეს არის კონკურენციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც აფერხებს დარგის განვითარებას. ავიაციის სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის გატარება, პირველ რიგში ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რაც უნდა გამოიხატებოდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობაში, გადასახადების ლიბერალიზაციაში, ნაკლებ ბიუროკრატიაში, მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოს უნდა ქონდეს ჰაბის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკა, რაც იქნება საქართველოს ავიაციის სექტორის და მთლიანად ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა“, - განმარტავს ვასო ურუშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები