მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Hub Georgia "საქართველოს რკინიგზის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

5af2ac589b7cb
მაია ბიწაძე
09.05.18 12:06
1264
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა Hub Georgia საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. როგორც ამ უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხდა, დავის საგანი სარკინიგზო გადაზიდვებში არსებული მონოპოლიაა, რითაც კერძო სექტორის საქმიანობა იზღუდება.

"ჩვენ არაერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული ფაქტები, სადაც საუბარი იყო კორუფციაზე, კონკურენციის შეზღუდვაზე, მონოპოლიაზე, რომელიც ეხებოდა სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ მდგომარეობას, მაგრამ სამწუხაროდ ამას არანაირი რეაგირება საქართველოს მთავრობის მხრიდან არ მოჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უშუალოდ მივმართეთ პრემიერ მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, თუ სხვებს, საქართველოს სატრანსპორტო სისტმაში რკინიგზა კვლავ რჩება შავ ხვრელად.
პირველი პრობლემა, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ვიბრძოლებთ, არის მენეჯმენტი საქართველოს რკინიგზაში, რომელსაც რკინიგზის მთავარი ფუნქცია, რომ მოახდინოს ტვირთების ტრანსპორტირება, დელეგირებული აქვს მისი შვილობილი კომპანიებისთვის. ასეთი შვილობილი კომპანია ექვსამდეა, მათ შორის, ვინც ყველაზე მეტად არის ჩართული გადაზიდვებში, არის: "ჯორჯიან ტრანზიტი“, "ჯეარტრან ზიტლაინი“, ასევე ტერმინალები და ლოგისტიკა, რომლებიც ძირითადად მშრალ ტვირთებზეა ორიენტირებული.

ეს კომპანიები ბოროტად იყენებენ თავის დომინანტურ პოზიციას და შერჩევითად ემსახურებიან სხვადასხვა კერძო სუბიექტებს, უქმნიან ხელოვნურ ბარიერებს და ბევრი მათგანისთვის ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს რკინიგზით შეუძლებელი ხდება. ეს ყველაფერი უკვე აისახა ციფრებში, 60%-ით არის შემცირებული მხოლოდ სატრანზიტო გადაზიდვები, რაც ნიშნავს იმას, რომ რკინიგზის შემოსავლები განახევრდა.

ჩვენი მიზანია დავამარცხოთ ეს პრაქტიკა საქართველოს რკინიგზაში და ის დავუბრუნოთ სახელმწიფო ინტერესებს. დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებთ ადრე, თუ გვიან", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

Hub Georgia პირველ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოს, ანტიმონოპოლიურ სამსახურს და საქართველოს აუდიტის სამსახურს მიმართავს, შემდეგ კი კერძო სუბიექტებთან ერთად საქალაქო სასამართლოში იდავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები