"საქართველოს რკინიგზამ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემოწმებაზე უარი განუცხადა, - ამის შესახებ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
HUB Georgia-ს დირექტორმა ვასო ურუშაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს რკინიგზას შორის მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის 11 დეკემბრის ,,საქართველოს რკინიგზას“ წერილით მიმართა, რომ კომპანიის მიერ სატვირთო გადაზიდვების მართვის ეფექტიანობის შესწავლის საკითხს განიხილავდა, რაც 2018 წლის გეგმაში უნდა გაწერილიყო. ამასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახური წინასწარი შესწავლის პროცედურებს განახორციელებდა, რაც ,,საქართველოს რკინიგზის“ სატარიფო პოლიტიკის, სატვირთო გადაზიდვებისა და მისგან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზს გულისხმობდა.
„საქართველოს რკინიგზას აუდიტის სამსახურისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელებული სატვირთო გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალა. კერძოდ, მას უნდა მიეწოდებინა მონაცემები გადაზიდული ტვირთის სახეობის, რაოდენობისა და გადაზიდვის ღირებულების შესახებ, რის საპასუხოდაც ,,საქართველოს რკინიგზამ“ უარი განაცხადა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ,,საქართველოს რკინიგზის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებას ექვემდებარება და კომპანიისთვის გაგზავნილი მოთხოვნა, რომ წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია, უნდა შესრულებულიყო. შესაბამისად, სასამართლომ 2018 წლის 19 მარტს ,,საქართველოს რკინიგზა" სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ,,საქართველოს რკინიგზამ“ კი აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საქართველოს რკინიგზას არ სურს საჯარო გახადოს მისი საქმიანობა, წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სასამართლოს გზით ცდილობს პროცესი დროში გაწელოს და თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სარკინიგზო გადაზიდვებში ადგილი აქვს კერძო სექტორისთვის კონკურენციის შეზღუდვას, ხელოვნურ მონოპოლიებს, კორუფციას და სხვა დარღვევებს“ - აცხადებენ HUB Georgia-ში.

























