ჰუდები და სვიტერები მეგრული, სვანური და ლაზური წარწერებით - ქართულმა სტარტაპმა „ჯოვანი მორამ“ მომხმარებელს ახალი, ლიმიტირებული კოლექცია ცოტა ხნის წინ შესთავაზა და როგორც bm.ge-ს სტარტაპის დამფუძნებელი ნათია სვანიძე უყვება, მოთხოვნა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.
„არ გვახსენდება ქართული კომპანია, რომელმაც ასეთი პროექტი შექმნა ეროვნულ საგანძურზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველები ვყოფილიყავით. „ჯოვანი მორას“ 300 ლიმიტირებული ზედის 80% უკვე გაყიდულია, წარწერიანი ჰუდის ფასი - 145 ლარია, ხოლო სვიტერის - 135 ლარი. ლიმიტირებული კოლექცია შევქმენით, რადგან ასეთ დიდ დაინტერესებას არ ველოდით; ზოგიერთი მოდელი ჩაშვებისთანავე ამოიწურა, თითქმის მთელი კოლექცია უკვე გაყიდულია“, - ამბობს ნათია სვანიძე.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი გვიყვება, „მოსიარულე ლექსიკონის ტიპის ტანისამოსზე ინტერესი დიდია“.
„ჩვენი ონლაინ-მაღაზია მეგრულ, სვანურ და ლაზურ ენებზე გადავთარგმნეთ და მოსიარულე ლექსიკონის ტიპის ტანისამოსი შევქმენით, რომელიც შემხვედრს სამივე ენაზე სიტყვებს ასწავლის, ვცდილობთ ენობრივი მრავალფეროვნება შევინარჩუნოთ. სვანურ და მეგრულ წარწერებზე დაინტერესება შედარებით მაღალია; დიზაინზე დიზაინერმა ანუკი კონიაშვილმა იმუშავა, მან სრულიად ახალი შრიფტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნა“, - აღნიშნა ნათია სვანიძემ.
რაც შეეხება ზოგადად პანდემიის გავლენას რეალიზაციაზე, ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, რომ პანდემიამ გაყიდვები როგორც - ფიზიკურ, ისე ონლაინარხებში შეაფერხა, მაგრამ, მიუხედავად გამოწვევებისა, „ჯოვანი მორას“ სამომავლო გეგმებში ციფრული პლატფორმით უცხოური ბაზრის ათვისებაც შედის.
ცნობისთვის: ბრენდი „ჯოვანი მორა“ ქართულ ბაზარზე 4 წელია, ოპირირებს.