მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Human Rights Watch: საქართველოს ხელისუფლებამ შრომის კანონმდებლობას უნდა გადახედოს

5d5e7fed8c1f4
BM.GE
23.08.19 10:15
704
Human Rights Watch–ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს შახტებსა და მაღაროებში მშრომელთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო.

"არასაკმარისი რეგულირების შედეგია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების არსებული პრაქტიკა, რომელიც პრიორიტეტს წარმოების მასშტაბებს ანიჭებს და მშრომელთა უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

ათასობით მშრომელი კვლავაც იქნება მომეტებული საფრთხის წინაშე, სანამ საქართველო არ დაარეგულირებს სამუშაო საათებს და არ შექმნის ინსპექტირების ისეთ სისტემას, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის სამუშაო პირობების ზემოქმედებას უსაფრთხოებაზე.

მუშების დაცვა და მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია", - აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

ამასთან, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ისეთი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ზეგანაკვეთური მუშაობის არასათანადო რეგულირება და ანაზღაურება, სავალდებულო დასვენების დღეები, უქმეებზე მუშაობა და მინიმალური ხელფასები, ასევე – შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად, მაგრამ შესაბამისი კანონპროექტი ჯერ არ შესულა პარლამენტში და არ არსებობს ამ რეფორმის განხორციელების მკაფიო განრიგი.

"საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებებით იკისრა ვალდებულება, დახვეწოს შრომითი კანონმდებლობა და გააძლიეროს შრომით უფლებებზე ზედამხედველობისა და აღსრულების მექანიზმები. საქართველო აშშ-ში ექსპორტზე, მათ შორის მანგანუმის ექსპორტზე, პრეფერენციული ტარიფებით სარგებლობს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი იცავს და აღასრულებს საერთაშორისოდ აღიარებულ შრომით უფლებებს. ამით უშუალო სარგებელს ღებულობენ მანგანუმის მომპოვებლები, მათ შორის ის კომპანიები, ვისთანაც Human Rights Watch-ის მიერ გამოკითხული მეშახტეები და მაღაროელები არიან დასაქმებულნი.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება, თავისი შრომის კანონმდებლობა მოიყვანოს ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში და გადადგას ნაბიჯები, რათა 2020 წლამდე დაარსოს სრულფასოვანი შრომის ინსპექცია.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, გონივრული შეზღუდვა არსებობდეს სამუშაო საათებზე, მიიღოს შრომის სამართლიანი ანაზღაურება, სარგებლობდეს გადაადგილების თავისუფებით და დაცული იყოს ოჯახური და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები, რომელთაგან საქართველოს ბევრის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია, აყალიბებს მისაღები სამუშაო პირობების, ასევე მათზე სათანადო ზედამხედველობისა და მათი რეალიზების სტანდარტებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს შრომის კანონმდებლობას, რათა დააწესოს ლიმიტი სამუშაო საათებზე და აღმოფხვრას სხვა საწარმოო წნეხი, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სრულმასშტაბიანი დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება სათანადო პერსონალით დაკომპლექტებული და ექნება ფართო მანდატი საერთაშორისო სტანდარების შესაბამისად შეამოწმოს ყველანაირი სამუშაო პირობები.

სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიებმა საქართველოში უნდა დაიცვან დასაქმებულთა უფლებები და იზრუნონ მათი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და იმუშაონ დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად, რათა განახორციელონ რეფორმები უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უნდა მოითხოვონ შრომითი უფლებების სრული დაცვა", – ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები