აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შესაძლოა, "ჰუმანითი ჯორჯიას" კრედიტორები მიწის აქტივის აუქციონის გზით გასხვისებით დააკმაყოფილოს.
კომპანია Humanity Georgia-მ ყოფილ თანამშრომლებთან სასამართლოს ყველა ინსტანციაში დავა წააგო.
საქალაქო სასამართლომ 34 თანამშრომლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და კომპანიას მათ სასარგებლოდ პირგასამტეხლოების ჩათვლით, 420 ათას ლარზე მეტის გადახდა დააკისრა.
კომპანიის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატის ავთო თეთრაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც "ჰუმანითი ჯორჯიამ" სასამართლოს გზით დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა, სააღსრულებო პროცესი დაიწყო.
ავთო თეთრაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ამ შემთხვევაშიც ნებით უარი თქვა ყოფილი თანამშრომლებისთვის თანხის გადახდაზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ჰუმანითის" მიწის აქტივების შეფასების პროცესი დაიწყო.
ადვოკატი ამბობს, რომ აუქციონი სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში უნდა გამოცხადდეს. თუ კომპანია ნებით არ მოახდენს დაკისრებული ჯარიმის გადახდას, კრედიტორების დაკმაყოფილება აუქციონის გზით გასხვისებული მიწის აქტივების რეალიზაციის გზით მოხდება.
"ჰუმანითი ჯორჯია" ქართულ ბაზარზე 2015 წელს, მთავრობის მხარდაჭერით შემოვიდა. კომპანიისა და "საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი პროექტი მოიცავდა 2 კომპონენტს. ბაზარზე მედიკამენტების იმპორტის მიზნით, საპარტნიორო ფონდმა "ჰუმანითი ჯორჯიას" 11 მილიონ დოლარზე მეტი სესხის სახით გამოუყო. თანამშრომლობის მეორე ეტაპი ვერ შედგა. ფარმაცევტული ქარხნის რამდენიმე მილიონიანი პროექტი ფონდმა აღარ დააფინანსა. მიზეზად 2017 წლის ბიუჯეტისა და ხარჯების ოპტიმიზაცია დასახელდა. კომპანია 2 წელზე მეტია ბაზარზე აქტიურად აღარ ჩანს.

























