მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I ფაზაში $20 მლნ ჩაიდო - როდის გაიხსნება "თბილისის მშრალი პორტი"?

თბილისის მშრალი პორტი

"თბილისის მშრალი პორტის" (Tbilisi Dry Port) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ ინაიშვილის ინფორმაციით, პორტი ფუნქციონირებას აპრილის მეორე ნახევარში დაიწყებს.

ჯემალ ინაიშვილმა პროექტის დეტალებზე BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ფაზის ფარგლებში ინვესტიციამ 20 მლნ დოლარი შეადგინა.

"ჩვენი გეგმებით, ვვარაუდობთ რომ აპრილის მეორე ნახევარში დავიწყებთ უკვე ფუნქციონირებას. სრული დატვირთვით მაშინ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც სამივე ფაზა დასრულდება. პირველი ფაზა მოიცავს უშუალოდ ინფრასტრუქტურის შექმნას, უშუალოდ ტერმინალის მოწყობას და სადგურთან დაკავშირებას, ანუ ტერმინალი დაკავშირებულია რკინიგზის სადგურთან შესაბამისად და ტრანსპორტირება ძირითადად მოხდება, ფოთის და ბათუმის ნავსადგურებიდან, რკინიგზით",- აღნიშნა "თბილისის მშრალი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, პროექტის მეორე და მესამე ეტაპზე ძირითადად გათვალისწინებულია საწყობების მშენებლობა, რის შემდეგაც მშრალი პორტი სრული დატვირთვით იმუშავებს.

"ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 50 მლნ დოლარი იქნება მთლიანად საინვესტიციო პაკეტი, რომელსაც განვახორციელებთ. პირველი ფაზა დაახლოებით 16 მლნ დოლარს ითვალისწინებდა და 20 მლნ დოლარამდე გავზარდეთ. დანარჩენი უშუალოდ საწყობების მშენებლობასა და ტექნიკურ აღჭურვაზე წარიმართება. ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე სრული დატვირთვით ვიმუშაოთ, რაც გულისხმობს 200-250 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში არა მარტო ფოთიდან და ბათუმიდან, არამედ ეს იქნება ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები რომლის დასაწყობება და შემდეგ უკვე კონტეინერებში ჩატვირთვა მოხდება თბილისის მშრალ პორტში და შემდეგ უკვე ბათუმის, ფოთის და მომავალში ანაკლიის ნავსადგურებში ტრანსპორტირება",- განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

შეგახსენებთ, გასულ წელს არაბული „აბუ დაბი პორტს გრუპი“ (AD Ports Group) „თბილისის მშრალი პორტის“ 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები