მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში 958 947 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2.2%-ია - ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმი

საქართველოში, 2025 წლის იანვარ-მარტში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

პრესრელიზში არაა მოცემული ტოპ-10 ქვეყნის მონაცემი, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის არაა ნახსენები რუსეთის სტატისტიკა, რომელიც, ტრადიციულად ლიდერ პოზიციას იკავებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს მოიცავს, საიდანაც მაღალი პროცენტული ზრდა იყო, თუმცა არაა მოცემული მონაცემები ამ ქვეყნებიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობაზე.

"2025 წლის I კვარტალში ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +72.9%); ინდოეთი (+27.7%); ჩინეთი (+40.1%); იორდანია (+44.7%), საუდის არაბეთი (+8.3%). ხოლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან +22.3%; სლოვაკეთი +19.9%; ჩეხეთიდან +16.9%; იტალია +10.1% და საბერძნეთი +9.7%",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

I კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები $826 მილიონამდე გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდანაა მაღალი ზრდა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები