I კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 11%-ით 62 მლრდ ლარამდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში სექტორის ბრუნვის მოცულობის 71% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11% — საშუალოზე, ხოლო 18% - მცირე ბიზნესზე.
საქსტატის ინფორმაციით, ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 37% მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 31.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამმუშავებელი მრეწველობა — 7.4%-იანი წილით, მშენებლობა — 4.5%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 4.4%-იანი წილით.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2026 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 23.3 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც წლიურად 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამმუშავებელი მრეწველობა (19.5%), ვაჭრობა (16.7%), მშენებლობა (13.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (11.7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.9%-იანი წილი ეჭირა.
შემდეგნაირი განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 49%, საშუალოზე — 23.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.5%.

I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 29.5 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5% მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 17.9 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტი) შეადგინა.
დასაქმება
რაც შეეხება დასაქმებას, ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 799.4 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4% - საშუალოზე, ხოლო 37% - მცირე ბიზნესზე.
I კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები შესაბამისად, 29, 11 და 9.4%-იანი წილებით.
ხელფასები
I კვარტალში, ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 336 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 166 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 837.6 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 126 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 513.5 ლარი;
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 786.5 ლარი;
⦁ მცირე ბიზნესი – 1 787.2 ლარი.




























