მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა ₾48.9 მლრდ-მდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატი

I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. იანვარ-მარტში, მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6%-ით მეტია.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.7%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა - 8.5%-იანი წილით, მშენებლობა - 5.4%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.4%-იანი წილით, ხოლო 13% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამმუშავებელი მრეწველობა (21%) და ვაჭრობა (18.3%), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 35.2%-იანი წილი უჭირავს.

აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3% - საშუალოზე, ხოლო 16.4% - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8%, საშუალოზე - 24%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.2%.

2024 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 16 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტი) შეადგინა.

ამავე პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5% ქალია, ხოლო 56.5% - კაცი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები