2024 წლის პირველ კვარტალში საოფისე ფართებში ვაკანტურობის მაჩვენებელი შემცირებულია. Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ პირველ კვარტალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თავისუფალი საოფისე ფართის მოცულობა A კლასის შენობებში 9%-მდე შემცირდა. მაშინ როდესაც 2023 წლის ბოლო ეს მაჩვენებელი 23% იყო.
რაც შეეხება B კლასის ბიზნეს ცენტრებს, თავისუფალი საოფისე ფართების მოცულობა აქაც შემცირებულია და 2023 წლის ბოლოს არსებული 16%-დან 2024 წლის დასაწყისისთვის 10%-მდე დაიკლო.
2024 წლის დასაწყისში თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ იჯარით გასაცემ ფართობებში (GLA), მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. საოფისე გასაქირავებელი უძრავი ქონების ფართობი ჯამში ამ პერიოდისთვის 233,748 კვ.მ იყო, რაც წინა წლებთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.
Cushman & Wakefield Georgia-ს მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ იჯარით გასაცემი ფართების უმეტესი ნაწილი კვლავ ვაკეში კონცენტრირებულია და აღნიშნულ უბანზე იჯარით გასაცემი ფართობის დაახლოებით 36% მოდის, რომელსაც 24%-ით საბურთალო მოსდევს. მესამე ადგილს დიდუბის წილი იჯარით გასაცემ ფართებში 16%-ს შეადგენს, ხოლო მთაწმინდის - 15%-ს.
კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ახალი საოფისე სივრცეები უმეტესად მთაწმინდაზე, ვაკეში, საბურთალოსა და ავლაბარში შენდება. „საოფისე უძრავი ქონების ბაზრის გაფართოვება განპირობებულია ბიზნესის მხრიდან მზარდი მოთხოვნით“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.
ამასთან, უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ოფისების დაქირავების ღირებულება უმეტესად სტაბილურია და 2023 წელთან შედარებთ უმნიშვნელო ზრდა აღინიშნება. საშუალოდ, პირველი კვარტალის ბოლოსთვის B კლასის ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის დაქირავდება $21,8-ად არის შესაძლებელი , ხოლო A კლასის ოფისებში - საშუალოდ $30,7-ად დაიქირავებთ.