მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში $12.4 მილიონის ჩინური FDI ჩაიდო - ვის ეკუთვნით TOP-10 კომპანია?

ჩინეთი

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ჩინეთიდან 12.4 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ეს რიცხვი მცირედით აღემატება 2025 წლის პირველი კვარტალის ჩინურ ინვესტიციებს ($11.2 მლნ). წელს პირველ კვარტალში ჩინეთი ინვესტორი ქვეყნების TOP-10-შია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების შემოდინება 2002 წლიდან დაიწყო და რეკორდულ მაჩვენებელს 220 მილიონ დოლარს 2014 წელს მიაღწია. 23 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციების ჯამური მოცულობა კი $806 მილიონს შეადგენს. ბოლო წლებში ჩინეთიდან FDI-ს მაჩვენებლები არც ისე მოცულობითია. 2023 წელს ჯამურად 98 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, 2024 წელს $6.2 მლნ, ხოლო 2025 წელს $32.7 მლნ.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელ სექტორებში ჩაიდო 2026 წლის I კვარტალში ჩინური ინვესტიციები. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ყველაზე დიდი FDI $2 მლნ-ის მოცულობით მშენებლობის სექტორში განხორციელდა; სტუმარმასპინძლობაში - 324 ათასი დოლარი; 83 ათასი დოლარი უძრავი ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში ჩაიდო.

საფინანსო, ენერგეტიკის, IT-ში და სხვა სახის მომსახურებაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობები კონფიდენციალურია. საქსტატში განმარტავენ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნება სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებშიც 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინური პირდაპირი ინვესტიციები ჩაიდო, მათი ათეული ასეთია:

  • შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია - ოპერირებს ენერგეტიკის სექტორში და მართავს „ხადორი ჰესს“. დაფუძნებულია 1999 წელს და მის 100%-იან წილს ჩინური SCIG INTERNATIONAL LIMITED ფლობს.
  • შპს აფინა - ოპერირებს ვაჭრობის სექტორში და ოპტიკური პროდუქციის რეალიზებით არის დაკავებული. დაფუძნებულია 2014 წელს და მის 100%-იან წილს აკაკი ვაშაკიძე მართავს, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორია;
  • შპს რედ დრაგონ 1 - კომპანია დაფუძნებლია 2025 წლის დეკემბერში და დღეს მისი 100%-იანი წილის მფლობელი ჩინეთის მოქალაქე იაფინი ძინია;
  • შპს ემელსოფტ ტექნოლოჯი - ოპერირებს IT სექტორში. დაფუძნებლია 2023 წლის ოქტომბერში და მისი მფლობელი და მმართველი ჩინეთის მოქალაქე მინშუანი ლიუა;
  • შპს ტიანხი გუოჯი - დაფუძნდა 2025 წლის მაისში. კომპანიის 50-50%-იანი წილების მფლობელები ჩინეთის მოქალაქეები ჰუ ჰეპენგი და ლუო ხინგზჰი არიან;
  • შპს აზიური სილამაზე - ოპერირებს სტუმარმასპინძლობის სექტორში „ახალი აზიის“ ბრენდით; დაფუძნებულია 2017 წელს და მისი მფლობელი და მმართველი იან ჰაუა.
  • შპს ძუსიანძუ - სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ამავე სახელწოდებით კვების ობიექტს მართავს; დაფუძნდა 2024 წელს და მისი 50-50%-იანი წილების მმართველები ჩინეთის მოქალაქეები სუ ჟონგია და გუო გუანჯინგი არიან.
  • შპს საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანია - ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ში 2015 წლიდან ოპერირებს; მის 80%-ს ჩინეთის მოქალაქე ჰონძუნ სიაო, 10-10%-იან წილებს ჩენგშენგ იუ და ჯიგან ჯოუ ფლობენ;
  • ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი - ძირითადი საქმიანობაა რიკოთის ავტომაგისტრალის, ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთის განახლების სამშენებლო სამუშაოებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან 2019 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მის 100%-იან წილს ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაცია.;
  • შპს ჯეო ინჟინერინგ კონსტრაქშენი - 2025 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს ჩინეთის მოქალაქე ლი რენჯუნი ფლობს.

წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 271.2 მლნ. აშშ დოლარის FDI ჩაიდო. წლიური ზრდა 47.7%-ია. ამასთან, რეინვესტიციის წილი მთლიან FDI-ში ნახევარზე მეტია და 53.8% აღწევს. საქსტატში განმარტავენ, რომ FDI-ს „ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები