2026 წლის I კვარტალში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 4%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმდინარე წლის I კვარტალში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 188 149 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია (180,177 TEU).
პორტების გაზრდილი დატვირთვის მაჩვენებლები თამარ იოსელიანმა შეაფასა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ 2025 წელს ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება. სამინისტროს პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ თამარ იოსელიანის შეფასებით, რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს როლი მზარდია.
„აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2026 წლის პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა. ასევე ხაზგასასმელია ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობის ზრდაც (+3%). ეს მონაცემები ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს როლზე საუბრისას თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს განვითარების ფაზაში მყოფ ახალ, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელიც ქვეყანას პირველად მისცემს შესაძლებლობას, Panamax და Post-Panamax ტიპის გემები მიიღოს. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესი.
„ხაზგასასმელია, რომ ერთდროულად მიმდინარეობს პორტების გაფართოება, სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია და საგზაო მაგისტრალების გაუმჯობესება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას - საქართველოს ნავსადგურებში უკვე წარმატებით მუშაობს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემა, რაც ოპერაციების სწრაფ, გამჭვირვალე და უსაფრთხო მართვას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, სადაც ზრდამ 17% შეადგინა, გენერალური ტვირთები 20%-ით, ხოლო საბორნე - 31%-ით გაიზარდა.




























