როგორც BM.ge-ის თაბაგარმა განუცხადა, ე.წ. „ტურისტული პატრულები“ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია.
„სასურველია, რომ საერთოდ არ გვჭირდებოდეს „ტურისტული პატრულები“, მაგრამ ფაქტია, გვჭირდება. ბოშების საქციელს უკვე მსუბუქი კრიმინალის სახე აქვს, მაგრამ ძირითადად, არასრულწლოვნები არიან და ვერაფერს ვუხერხებთ. მე მქონდა შემთხვევა, როცა ჩემს ტურისტს ფეხებზე ჩამოეკიდნენ და ფულს სთხოვდნენ; ერთხელაც სახეში წყლის შესხმით დამემუქრნენ, თუ ფულს არ მივცემდი. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ბოშების გარდა, ყოველ ხუთ-ექვს მეტრში გვხვდებიან მათხოვრები; არ ვამბობ იმას, რომ ეს ადამიანები არ უნდა ვანახოთ ტურისტებს, მაგრამ აშკარად დიდ დისკომფორტს უქმნიან სტუმრებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ „ტურისტული პატრულები“ მათგან „დაიცავენ“ ტურისტებს“, - განაცხადა თაბაგარმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ე.წ. „ტურისტული პატრულების“ ფუნქცია კონკრეტულად განისაზღვროს.
„ტურისტულ პატრულს“ გიდის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა უფლება-მოვალეობები დაეკისრებათ, რათა ჩვენც გავაფრთხილოთ ტურისტული კომპანიები, მათ კი, თავიანთი - ტურისტები“. - აღნიშნა შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ: 21 მაისიდან თბილისის ტურისტულ ზონებში საპატრული პოლიციის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

























