მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იაფ ქათამს და კვერცხს უნდა დავემშვიდობოთ” - რევაზ ვაშაკიძე

634546cac90d2
ნინი ლონგურაშვილი
11.10.22 18:00
1871
მეფრინველეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები ქათმის იმპორტირებული საკვების გაძვირებაზე საუბრობენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასმა 15-20%-ით მოიმატა. მეფრინველეობის დარგი დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, რადგან წარმოებისთვის საჭირო საკვები, ხორბალი იქნება ეს თუ სიმინდი, სწორედ იქიდან შემოდის. რეგიონში არსებული კონფლიქტის გამო კი, ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირებულია.

კომპანია “ჩირინას” დამფუძნებლის, რევაზ ვაშაკიძის პროგნოზით, ფასების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი და ბაზარი "უნდა დაემშვიდობოს იაფ ქათმის ხორცს და კვერცხს".

“დღეს საქართველოს ბაზარზე სიმინდის და ხორბლის დიდი რაოდენობით მიწოდება ხდება. მსოფლიო ტენდენციას თუ გადავხედავთ, ბოლო პერიოდში, სიმინდზე ფასი განსაკუთრებით იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მიზეზიც აქვს. პირველ რიგში ის, რომ მკვეთრად მომატებულია სასუქების ღირებულება და მათი მიწოდება შეფერხებულია. ასე რომ, ბაზარზე ფასების კუთხით 15%-20%-იანი კი არა, მეტად ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ იაფ ქათამს და კვერცხს. ყველა ინგრედიენტის ფასი, რაც წარმოებას სჭირდება, იმპორტირებულია ის თუ ადგილობრივი, ზევით იწევს, ამიტომ ფასნამატი გარდაუვალია და იმაზე მეტად მოიმატებს, ვიდრე ახლაა - 20%. მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სასუქების ღირებულება თითქმის 100%-ით გაგვიძვირდა, ამას თუ ჩვენ ლოგისტიკურ ხარჯებს დავამატებთ, ეს ფასში კიდევ აისახება. ჩვენი პროგნოზია, რომ უმნიშვნელო კი არა, საკმაოდ მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 1.334 მლნ დოლარის ღირებულების კვერცხის ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 ათას დოლარს ოდნავ აჭარბებდა. რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3.1 მლნ დოლარის კვერცხი შემოვიდა, ხოლო შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები