იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10830 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1920 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8911 მლნ. აშშ დოლარს (29 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 6513 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 6991 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1506 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0,5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3086 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 513 მლნ. აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2573 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 31, 30 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში 33 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 2422 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 659 მლნ. აშშ დოლარი (14 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1763 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 22 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში 20 პროცენტი).

























