სპილენძის მადნები საქართველოს უმსხვილესი საქონლის ათეულში ყოველთვის წამყვან პოზიციას იკავებდა, თუმცა 2024 წლის იანვარ-თებერვალში ამ საქონლის ექსპორტი 99.999%-ით შემცირდა და ექსპორტის მიღებულმა შემოსავალმა 5 ათას დოლარზე ნაკლები შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 143 მილიონი დოლარი იყო.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 143 მილიონი დოლარის ღირებულების 76,627 ტონა სპილენძის მადნები შემდეგ ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე:
ჩინეთი - 92 მილიონი დოლარი, 50,502 ტონა (2023 წელს), 2024 წელს $0;
ბულგარეთი - 33 მილიონი დოლარი, 17,276 ტონა (2023 წელს), 2024 წელს $0;
ესპანეთი - 18 მილიონი დოლარი, 8,849 ტონა (2023 წელს); 2024 წელს $0.
2024 წლის განმავლობაში კი საქართველოდან ექსპორტზე გასული 5 ათასი დოლარის 1 ტონა სპილენძის მადნები ექსპორტზე მხოლოდ ყაზახეთში გავიდა. საგულისხმოა გარემოება, რომ სპილენძის მადნების ექსპორტის შემცირება ევროკავშირი ექსპორტის ვარდნის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ სპილენძის მადნები და კონცენტრატები გასულ წლებში უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალშიც შედიოდა, თუმცა 2024 წლის პირველი ორი თვის მონაცემებში ამ დასახელების საქონელი არც იმპორტირებული საქონლის რეიტინგში გვხვდება. წელს ამ პერიოდში სპილენძის მადნების და კონცენტრატების იმპორტი 98.9%-ით შემცირდა და ქვეყანაში სულ 1 მილიონ 158 ათასი დოლარის ღირებულების 831 ტონა საქონელი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტის ღირებულება 108 მილიონ 117 ათას დოლარს, ღირებულება კი 59 061 ტონას შეადგენდა.
აღნიშნულ პერიოდში საქონლის იმპორტი მხოლოდ სომხეთიდან მოხდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც შემცირებული რაოდენობითა და ღირებულებით.
2023 წელს საანგარიშო პერიოდში, საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში სომხეთს ($52.5 მლნ, 33 689 ტონა), ინდონეზიას ($26.4 მლნ, 10 138 ტონა), ჩილე ($20.6 მლნ, 10 261 ტონა), სერბეთს ($5.2 მლნ, 3 022 ტონა) და თურქეთს ($3.1 მლნ, 1 949 ტონა) ვხვდებით.
BMG-იმ საქსტატს მიმართა კითხვით იმის თაობაზე თუ რომელი კომპანიები ახდენდნენ 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტს და რომელმა კომპანიებმა განახორციელეს ექსპორტი 2024 წლის იანვარ-თებერვალში.
BMG-იმ სპილენძის მადნების ექსპორტის მკვეთრი ვარდნის განმაპირობებელ ფაქტორებზე კითხვით ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.