მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ, ჩინურმა BYD-მ 2025 წლის იანვრის გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა. წინა თვეში კომპანიამ 300,538 ელექტრომობილი გაყიდა, რაც, მართალია, ერთი წლით ადრე დაფიქსირებულ მაჩვენებელს თითქმის 50%-ით აღემატება, მაგრამ დეკემბრის შედეგებს 42%-ით ჩამორჩება, რაც უკავშირდება არა BYD-ის საქმიანობას, არამედ ჩინური საავტომობილო ინდუსტრიის სეზონურობას, რომელსაც კალენდარული წლის ბოლოს ყველა მწარმოებელი გადის. აზიური გიგანტის შემთხვევაში, გაყიდვები ყოველი წლის ნოემბერ-იანვარში იკლებს, მაგრამ მარტიდან მკვეთრად იზრდება და ამ დრომდე არნახულ შედეგს აფიქსირებს — სულ მცირე, ასე იყო გასულ წლებში.
BYD არის კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ექსკლუზიურად ელექტრობატარეებს აწარმოებდა, მაგრამ მოგვიანებით, ავტომობილების წარმოებაზე გადაერთო. თავდაპირველად, კომპანია აწარმოებდა, როგორც ელექტრომობილებს, ასევე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს, მაგრამ 2022 წლიდან, BYD-ის საწარმოო ხაზში მხოლოდ ელექტრომობილები (BEV) და ჰიბრიდული ავტომობილები (PHEV) დარჩა. საინტერესოა, რომ ჩინეთში, BYD უმეტესწილად სწორედ ჰიბრიდული ავტომობილებითაა ცნობილი, რაც რიცხვებითაც დასტურდება. მიმდინარე წლის იანვარში, BYD-მ 171,069 მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, ანუ რეალიზაცია 78.7%-ით გაზარდა, როცა ელექტრომობილების გაყიდვებმა 125,377 ერთეული შეადგინა, რაც 19%-იანი ზრდაა.
მსუბუქი ავტომობილების გარდა, BYD-ის რიგებში კომერციულ ავტომობილებსაც ვხედავთ, რაც კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ, მაგრამ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. პრიორიტეტული ის იმიტომაა, რომ ამ ტიპის ავტომობილების რეალიზაციამ იანვარში წლიურად 763.3%-ით იმატა, მაგრამ თავად მაჩვენებელი მხოლოდ 4,092-ის ტოლია, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ მიმართულებაზე აქცენტს ჩინური კომპანია რამდენიმე წელიწადში გააკეთებს. თავად ეს ტენდენცია კი იმ რეალობას უკავშირდება, რომელიც მსოფლიოში კლიმატის ცვლილების გამო შეიქმნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მართალია, პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა, მაგრამ სხვა ქვეყნები ხელმომწერებად რჩებიან, ხოლო გამონაბოლქვის შემცირების ერთ-ერთი გზა ელექტრომობილებზე გადასვლაა, რაც BYD-ის გაყიდვებზეც აისახება.
ავტომობილების გაყიდვების ჯამური მაჩვენებლის კლების პარალელურად, BYD-ის ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. იანვარში ჩინურმა კომპანიამ საზღვარგარეთ 66,336 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც წლიურად 83.4%-ით, თვიურ ჭრილში კი 16%-ითაა გაზრდილი. მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის პროგნოზით, BYD-ის დომინაცია ჩინეთის საზღვრებს გარეთ მომავალ წლებშიც გაგრძელდება, ხოლო 2026 წელს ჩინური კომპანია საზღვარგარეთ 1.5 მილიონ ავტომობილს გაყიდის. ჯამურად, ამერიკული ბანკი გაყიდვების ექვს მილიარდამდე გაზრდას ვარაუდობს და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, გამოდის, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი სამ წელიწადში გაორმაგდება.
საერთაშორისო ექსპანსიისთვის BYD საინტერესო სტრატეგიას მიმართავს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ქარხნების აშენებას გულისხმობს. ამ დროისთვის, BYD-ის ქარხნებს ვხვდებით, როგორც მშობლიურ ჩინეთში, ასევე ტაილანდში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში, უნგრეთში და უზბეკეთში. გასული წლის მაისში, ჩინურმა კომპანიამ და თურქეთის ხელისუფლებამ მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებში BYD ქვეყანაში $1-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებდა და წლიურად 150,000 ელექტრომობილის წარმოების პერსპექტივის მქონე ქარხანას ააშენებდა. აღნიშნული სტრატეგია BYD-ის გრძელვადიანი დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, მით უმეტეს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩინურ კომპანიებს ტარიფებით ემუქრებიან.
ჩინურ და ზოგადად საავტომობილო გიგანტებს შორის BYD-ის წამყვან პოზიციებს ავტომობილების მიმზიდველი დიზაინი, ტექნოლოგიურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს, რადგან ამ კომპანიის საწარმოო ხაზში წარმოდგენილია, როგორც $10,000-იანი ჰეჩბეკი BYD Seagull-ი, ასევე $240,000-იანი სუპერქარი BYD U9, რომელსაც, სხვათა შორის, ადგილიდან ახტომა შეუძლია. დღეს, BYD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $106 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის ჩინეთში მე-18, მსოფლიოში 160-ე ადგილს იკავებს. საავტომობილო ინდუსტრიაში BYD-ის მეოთხე ადგილზე ვხვდებით, რადგან ჩინურ გიგანტს მხოლოდ სამი კომპანია უსწრებს, ესენია Tesla, Toyota და Xiaomi.