ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს. როგორც სააგენტო იტყობინება, სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.
უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
"ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 4 - ქვემო ქართლის, 10 - კახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 2 - გურიის, 5 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.
სამართალდარღვევებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში", - იტყობინება ეროვნული სატყეო სააგენტო.
ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში, ჯამურად ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების საქმიანობა. ე.წ. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობამ ჯამში 1 706 კუბური მეტრი შეადგინა.




























