კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 816.70 მლნ ლარით (1.55%-ით) შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამასთან, სებ-ის თანახმად, გაზრდილია კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელი და ის მთლიანი სესხების 55%-ზეა.
სებ-ის ინფორმაციით, მთლიანმა კრედიტებმა იანვრის ბოლოსთვის 51.84 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.78 მლნ ლარით (0.58%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.91 მლნ ლარით (2.73%-ით) შემცირდა.
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.21%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 14.41 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.14%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.17%-ით ნაკლები).
2024 წლის იანვრის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 35.41 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 27.16 მლრდ ლარი შეადგინა.
2024 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.30 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით).