მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვრიდან საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდი, Globalize VC Fund-ი ჩაეშვება – სალომე კუკავა

სალომე კუკავა

Globalize-ი ვენჩურულ ფონდზე მუშაობს და იანვარში საქართველოში კიდევ ერთი ვენჩურული ფონდი – Globalize VC Fund-ი – ჩაეშვება ოპერირებაში, – ამის შესახებ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში Globalize- ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე კუკავამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ამ ეტაპზე Globalize- ის მიერ საზღვარგარეთ გამართული უკვე 5 ღონისძიების შედეგების თავმოყრა და გაერთიანება.

„ეს იქნება დაახლოებით 10–მილიონიანი ფონდი ქართული სტარტაპებისთვის. ოპერირებას დაიწყებს იანვრიდან რეალურად, აქამდე რასაც ვაკეთებდით – ქართულ სტარტაპებს ვაცნობდით ქართულ დიასპორას და ადგილობრივ ინვესტორებს – ეს ხაზი დავასრულეთ. თავი მოვუყარეთ მათ უკუკავშირსაც, თუ რა იყო საჭირო, რომ პირდაპირ ჩაედოთ ინვესტიცია სტარტაპებში და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვენჩურული ფონდი იყო ყველაზე სწორი გამოსავალი ჩვენთვის, რომ არ დაგვეკარგა თუნდაც დიასპორის ჩართულობა. ამ ფონდში პარტნიორების 90% დიასპორის წარმომადგენლები არიან“, – უთხრა სალომე კუკავამ „ანალიტიკა“–ს.

Globalize-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Globalize-ს უკვე 8500–ზე მეტი წევრი ჰყავს – მათი დიდი უმრავლესობა კი სწორედ ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმატებული ქართველები არიან.

„მათი ინტერესი ქართული სტარტაპების მიმართ საკმაოდ მაღალი იყო – უთხრა სალომე კუკავამ „ანალიტიკა“–ს – ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის სწორი ინვესტირების მიმართულება მიგვეცა და ამ კუთხით, ფონდი, ვფიქრობთ, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“.

სალომე კუკავას მიაჩნია, რომ მხოლოდ სტარტაპების ძალისხმევა ვერ შეცვლის ვერც სტარტაპ ეკოსისტემას და ვერც საქართველოს ეკონომიკის გლობალური ინტეგრაციის მასშტაბს და რომ ამისთვის ძალისხმევის გაერთიანება იქნება აუცილებელი.

„ეკოსისტემის სხვადასხვა მოთამაშეებს – ყველა მათგანს თავისი როლი აქვს – იქნება ეს აქსელერატორი, თუ უნივერსიტეტი, თუ GITA – უთხრა სალომე კუკავამ „ანალიტიკა“–ს – ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი [Globalize-ის] როლი სტარტაპების სხვადასხვა რესურსებით მხარდაჭერაა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“.

Globalize-ის დამფუძნებლის თქმით, ერთიანი სტრატეგია და ხედვა უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი წინ სწრაფად წავიდეს და საქართველოს ერთი UNICORN-ი (მილიარდ დოლარზე ძვირადღირებული სტარტაპი) მაინც გამოუჩნდეს.

„სწორად აღმოვაჩინოთ ვის აქვს ეს პოტენციალი და შემდეგ ყველამ გარშემო ხელი შევუწყოთ ამ სტარტაპებს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ფინანსებთან ხელმისაწვდომობის თემა: ბევრი რესურსი სჭირდება სტარტაპს იმისთვის, რომ გახდეს UNICORN-ი, ამიტომ ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევა გვჭირდება“ – უთხრა სალომე კუკავამ „ანალიტიკა“–ს.

Globalize-ის ძალისხმევით, იანვრიდან საქართველოს ახალი ვენჩურული ფონდი – Globalize VC Fund-ი – უნდა ჰქონდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები