პიცერია “ნაპოლის” დამფუძნებელი, მამუკა კილაძე პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელის გახსნას გეგმავს. პირველი მაღაზია იანვრის ბოლოს თბილისში, ვაკეში გაიხსნება და მას “პასტიჩერია ნაპოლი” ერქმევა. გეგმებზე მამუკა კილაძემ bm.ge-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, ეს იქნება მაღაზია, სადაც გაიყიდება პურის სხვადასხვა სახეობა, სენდვიჩები, ფრეშები და სხვა ჯანსაღი პროდუქცია.
“ჩვენი საცხობი ერთი წელი B2B პრინციპით მუშაობდა, ამიტომ დანადგარები და საცხობები ამ დრომდეც გვქონდა შეძენილი. თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ობიექტი გაგვეხსნა, ჩვენი მოწოდებაა ხარისხი, B2B-ზე დაბალხარისხიანი და იაფიანი პროდუქცია სურდათ. გარდა ამისა, მინდა, რომ საქართველოში ჯანსაღი პურის ტრადიციის დამკვიდრებას შევუწყო ხელი. პასტიჩერიას მთავარი პროდუქტიც სწორედ პური იქნება. მათ შორის, უსაფუარო პური, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პური, იტალიური ტექნოლოგიებით გამომცხვარი პური, ანუ მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქცია”, - აღნიშნა მამუკა კილაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში.
რაც შეეხება ინვესტიციას, მისი თქმით, ამ დრომდე დანადგარები და საცხობი რომ არ ჰქონოდა შეძენილი, ჯამში 150 000 ევრო დასჭირდებოდა. „თუ არ ჩავთვლით დანადგარებს და საცხობებს, რაც მანამდეც გვქონდა შეძენილი, ინვესტიცია 60 000-80 000 ლარი გამოდის, თუმცა, ნულიდან რომ ვიწყებდე, მთლიანობაში საცხობის და მაღაზიის გასახსნელად დაახლოებით 150 000 ევრო იქნებოდა საჭირო", - აღნიშნა მან.
მამუკა კილაძის თქმით, მისი მიზანია, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, პასტიჩერიის სამი ფილიალი უკვე გახსნილი იყოს.
აღსანიშნავია, რომ მამუკა კილაძემ სამი წლის წინ თბილისში პიცერია "ნაპოლი" გახსნა, რომლის გაყიდვებიც 2024-ში გაორმაგდა.