იაპონია აქტიურად მუშაობს მსოფლიოში უსწრაფესი, L0 სერიის მატარებლის შექმნაზე. ეს არის იაპონური მაგლევი (მაგნიტურ ბალიშზე მოძრავი მატარებელი), რომელსაც კომპანია Central Japan Railway Company აწარმოებს და ტესტავს.
მოსალოდნელია, რომ მატარებელი 603.5 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას შეძლებს, რაც ბევრად აღემატება მსოფლიოში ამჟამად არსებულ ერთადერთ კომერციულ მაგლევ მატარებელს - ჩინეთის "შანხაის მაგლევს", რომლის სიჩქარეც 460.2 კმ/სთ-ს აღწევს.
შედარებისთვის, ევროპის უსწრაფესი მატარებლების, ფრანგული TGV-სა და იტალიური AGV Italo-ს მაქსიმალური საოპერაციო სიჩქარე 306-დან 354 კმ/სთ-მდე მერყეობს.
ტოკიოდან ნაგოიამდე მგზავრობის დროის წუთებამდე შემცირება
ჩვეულებრივ, ტოკიოდან ნაგოიამდე მატარებლით მგზავრობას, საშუალოდ, ერთი საათი და 26 წუთიდან ორსაათ-ნახევრამდე ან მეტი დრო სჭირდება, იმის მიხედვით, მგზავრები უფრო სწრაფ "შინკანსენის" (bullet train) სერვისს აირჩევენ, თუ შედარებით ნელ Kodama-ს ან Hikari-ს.
თუმცა, L0 სერიის Chuo-Shinkansen-ის ხაზი, რომელიც ამჟამად შენდება, მგზავრობის დროს სავარაუდოდ მხოლოდ 40 წუთამდე შეამცირებს. სამომავლოდ ასევე იგეგმება ნაგოიასა და ოსაკას შორის მიმოსვლის დანერგვა, რაც სამ ქალაქს ერთ დიდ მომსახურების ზონად გააერთიანებს.
ევროპის მაგალითზე, ეს მატარებელი ლონდონსა და ედინბურგს შორის მგზავრობის დროს მხოლოდ 60 წუთამდე შეამცირებდა - მგზავრობას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს არსებული მატარებლებით 4-დან თითქმის 6 საათამდე სჭირდება.
რა ხდის L0 სერიას სწრაფს?
L0 სერია იყენებს მაგნიტურ ლევიტაციას (მაგლევი) - ტექნოლოგიას, რომელიც მატარებელს ლიანდაგებიდან ზემოთ სწევს და ვაგონებს საშუალებას აძლევს, წინ ელექტროძრავის მეშვეობით იმოძრაონ.
ელექტროენერგიისა და მაგნიტების გამოყენებით, ეს მეთოდი მატარებელს საშუალებას აძლევს, ჰაერში აქამდე წარმოუდგენელი სიჩქარით ისრიალოს.
მას შემდეგ, რაც კომერციულ ექსპლუატაციაში შევა, L0 სერიის მატარებელი ტოკიოდან ოსაკამდე ჩასვლას ერთ საათში შეძლებს. ამჟამად ამ მგზავრობას 2 საათი და 20 წუთიდან 4 საათამდე სჭირდება.
ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ ფუტურისტულ მატარებელს მასშტაბური ინვესტიცია სჭირდება, ხარჯები კი ჯერჯერობით დაახლოებით 59.9 მილიარდ ევროს აღწევს.
თავდაპირველად პროექტის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა ის უკვე რვა წლით გადაიდო და გახსნის უფრო რეალური თარიღი, სავარაუდოდ, 2034-2035 წლებია.




























