შაბათს იაპონიის მრეწველობის მინისტრმა რიოსეი აკაზავამ ავსტრალიას, რომელიც იაპონიისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უმსხვილესი მომწოდებელია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.
იაპონიის LNG-ის იმპორტის დაახლოებით 11% ახლო აღმოსავლეთზეა დამოკიდებული. აქედან 6% ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირდება, რომელიც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ომის გამო ფაქტობრივად ჩაკეტილია. იაპონია ამავე რეგიონზეა დამოკიდებული ნედლი ნავთობის მიწოდების დაახლოებით 95%-იც.
გლობალური LNG-ის მიწოდების დაახლოებით 20% შეჩერებულია, რადგან ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გამო კომპანია QatarEnergy-ის ობიექტები დაიხურა, რითაც ახლო აღმოსავლეთიდან ენერგომომარაგება შეფერხდა. გასულ კვირას კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ მიწოდების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.
"ამ უპრეცედენტო სიტუაციაში ავსტრალიიდან ხელმისაწვდომი და სტაბილური LNG-ის მიწოდება იაპონიისა და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გვსურს გულწრფელად გთხოვოთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი სტაბილურ მიწოდებაში, მათ შორის, განიხილოთ წარმოების მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა", - განუცხადა აკაზავამ ავსტრალიის რესურსების მინისტრს, მადლენ კინგს ორმხრივი შეხვედრის დროს.
ცნობისთვის, ავსტრალია იაპონიის LNG იმპორტის დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს.
"ავსტრალია რჩება იაპონიის სანდო პარტნიორად თქვენი საზოგადოების LNG-ით მომარაგებაში", - უპასუხა ავსტრალიელმა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ "სკარბოროსა" (Scarborough) და "ბაროსას" (Barossa) საბადოებზე მალე მეტი გაზის მოპოვება დაიწყება, რაც დასავლეთ ავსტრალიის გაზის საბადოებიდან წარმოებას გაზრდის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ავსტრალიის LNG-ის ექსპორტში.




























