მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის ათვისების საშუალებას მისცემს"

5b9145f688eda
BM.GE
06.09.18 19:16
875
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ბაზრებზე",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გაბუნიამ. 

მისი თქმით, 2017 წელს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, ექსპორტი 39 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა ექსპორტის მთლიანი ზრდა 29% იყო.

"ეს თვალსაჩინო მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრები ის ქვეყნებია, რომელთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. ამ ბაზრებზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 75 პროცენტამდე მოდის,“ - აცხადებს გაბუნია. 

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან.
ჰონგ-კონგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივნისში, რომელიც სავარაუდოდ ძალაში შევა 2018 წლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ დასრულების სტადიაზე საქართველო-ინდოეთის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზეც მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. ასევე, ისრაელის მხარესთან საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების მემორანდუმს. რაც შეეხება იაპონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

მარიამ გაბუნიას განცხადებით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სრულიად განსხვავებულ საფეხურზე გადავა, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე უნიკალურ როლს და ფუნქციას სძენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე.

"რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს",- აცხადებს მარიამ გაბუნია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები