იაპონიიდან საქართველოში ხელსაყრელ ფასად სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების ჩამოყვანის მოტივით, 41 დაზარალებულის მოტყუება და ჯამში 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლება - რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურა წერს, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა დაზარალებულებს მოტყუებით გამოართვა და მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა მსხვილი თანხები. მიუხედავად დაზარალებულების მიერ თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 7 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, 34 ეპიზოდი) ჰქონდა წარდგენილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გარდა ამისა, მას დაეკისრა დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდა და ზიანის სრულ ანაზღაურებამდე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა.
























