იაპონიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა. ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის გუნდმა საკანონმდებლო ორგანოს 465-წევრიანი ქვედა პალატაში 310-ზე მეტი მანდატი მოიპოვა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას ნიშნავს და მოქმედ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, კანონპროექტები ზედა პალატის წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი გაიტანოს.
საბოლოო შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ტაკაიჩი ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებს. შედარებისთვის, წინა საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა, მხოლოდ 191 მანდატი მიიღო და მთავრობის დასაკომპლექტებლად პარტია “იშინთან” კოალიციის შეკვრა მოუწია.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრად არჩევნებიდან მალევე, დეკემბერში სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ მას არ სურდა სურდა ქვეყანა მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის გარეშე ემართა, შესაბამისად, საჭიროდ მიიჩნია ხელახალი, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, როგორც ლეგიტიმაციის მიღების ერთადერთი გზა. სწორედ ამ შეხედულებამ განაპირობა 8 თებერვლის არჩევნები. იაპონიის ხელახლა არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა მოკავშირე პარტია “იშინთან” კოალიციის შეკვრაც არ გამორიცხა. როგორც ტაკაიჩი აცხადებს, თუ ძველი გაერთიანება შენარჩუნდება, ეს ქვეყნის მართვას დემოკრატიულობას შეუნარჩუნებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პოზიციები გაიმყარა ულტრა-მემარჯვენე პარტია “სანსეიოტომაც”, რომელმაც 14 მანდატი მიიღო და წინა არჩევნებზე 4-ჯერ უკეთესი შედეგი დააფიქსირა, თუმცა პარტიას 30 დეპუტატის გაყვანის იმედი ჰქონდა.
რაც შეეხება ტაკაიჩის გამარჯვების მიზეზებსა და იმ მოლოდინებს, რაც მისი პარტიის მიმართ იაპონელ ამომრჩევლებს აქვთ. ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას მის ხისტ, ანტიჩინურ საგარეო პოლიტიკაზე, ასევე თავდაცვის სფეროზე აქცენტის გადატანაზე, მოსახლეობისთვის საგადასახადო შეღავათების შეთავაზებასა და ფისკალური მდგრადობის მხარდაჭერაზე ამახვილებენ. მათი შეფასებით, ტაკაიჩის ეკონომიკური შეხედულებები, მათ შორის ე.წ. ეროვნული ჩემპიონების, ანუ მსხვილი იაპონური კომპანიების მხარდაჭერის გამოცხადება და ფინანსური დახმარება ქვეყანას კვლავ კონკურენტუნარიანს გახდის.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, როგორც აღინიშნა, იაპონიის “რკინის ლედიდ” შეფასებული ტაკაიჩი მკვეთრად უარყოფითადაა განწყობილი ჩინეთის მიმართ და მხარს უჭერს ტაივანს. გასული წლის მიწურულს პრემიერ-მინისტრმა მისი ჩინური აგრესიისაგან დაცვისთვის ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა, რამაც ოფიციალურ პეკინსა და ტოკიოს შორის ურთიერთობები სერიოზულად დაძაბა. აღსანიშნავია, რომ პირველი საერთაშორისო პოლიტიკოსი, რომელმაც ტაკაიჩის გამარჯვება მიულოცა, სწორედ ტაივანის პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტე იყო.
მედიასთან საუბრისას იაპონიის ხელახლა არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ მის ახალ სამთავრობო კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა. ამასთან, მან თქვა, რომ ქვეყანა აქტიურ საგარეო პოლიტიკას გაატარებს და მოკავშირეებს მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
ამასთან, ტაკაიჩიმ დაადასტურა, რომ პრეზიდენტ ტრამპისგან მოწვევა მიიღო და რომ მარტის თვეში მას თეთრ სახლში შეხვდება. ცნობისთვის, შტატების ლიდერმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ვადამდელ არჩევნებში მხარდაჭერა გასულ კვირას გამოუცხადა და თქვა, რომ სწორედ მისნაირი ბრძენი და ძლიერი პიროვნება იქნებოდა ამომავალი მზის ქვეყნისთვის საუკეთესო არჩევანი.



























