მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“იაპონიის ლიდერს მომავალ არჩევნებში ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს” - ტრამპი

დონალდ ტრამპი და სანაე ტაკაიჩი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიაში, 8 თებერვალს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას და მის ლიდერს, სანაე ტაკაიჩის გამოუცხადა.

“მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს” - უთხრა შტატების ლიდერმა მედიას და იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მყარ, ძლევამოსილ და ჭვკიან პოლიტიკოსად შეაფასა. ტრამპი არ დალოდებია არჩევნების შედეგებს და ტაკაიჩი მომავალ თვეს თეთრ სახლში სწორედ პრემიერ-მინისტრის რანგში მიიწვია. შეხვედრა 19 მარტს უნდა გაიმართოს, მისი მიზანი კი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. შეგახსენებთ, იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასული წლის შემოდგომა ახალი სავაჭრო შეთანხმებაც გააფორმეს, რომელიც ტარიფების დაწევის სანაცვლოდ, იაპონური კომპანიების მიერ კოლოსალური მოცულობის ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობდა.

ამჟამინდელი გამოკითხვებით, იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შემსრულებელ სანაე ტაკაიჩის “ლიბერალ დემოკრატები” ლიდერობენ და თუ მოლოდინები გამართლდა, 465 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში 300-დეპუტატიან მყარ უმრავლესობას მოიპოვებენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც იაპონელ მარგარეტ ტეტჩერადაც მოიხსენიებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებშია პოპულარული. ანალიტიკოსების შეფასებით, მან ქვეყნის ლიდერად არჩევიდან 3 თვეში არჩევნები სწორედ არსებული მაღალი რეიტინგის გამო ჩანიშნა. შეგახსენებთ, მის გაპრემიერებამდე “ლიბერალ-დემოკრატებს” პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად არასაკმარისი რაოდენობის დეპუტატები ჰყავდათ, შესაბამისად, კოალიციის შეკვრა სხვა პარტიებთან უწევდათ, რაც მათ მართვის სადაავეების გადანაწილებას აიძულებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები