იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. აღნიშნულ გარიგებაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და მიზნად ისახავს გააძლიეროს კრედო ბანკის ინიციატივა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების მიწოდების გზით, მხარი დაუჭიროს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს.
კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ მიკროსაფინანსო ჰოლდინგი - Access Credo GmbH გერმანიიდან, საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც მართავს Triodos Investment Management BV ნიდერლანდებიდან და განვითარების საფინანსო ინსტიტუტი - Proparco (Groupe Agence Française de Développement) საფრანგეთიდან.
“მივესალმები Gojo & Company, Inc.-ს, როგორც ჩვენს ახალ აქციონერს. მათი ჩართულობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კრედო ბანკის პოზიციონირებასა და ჩვენს მთავარ მიზანს, მივაწოდოთ მდგრადი ფინანსური სერვისები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებზე განსაკუთრებული აქცენტით. აღნიშნული ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი აქციონერების ნდობას ბანკისადმი და მის პოტენციალს, როგორც საფუძველს მომავალი ზრდისთვის. ამავდროულად, წაახალისებს ფინანსური ჩართულობის ამაღლებას, პოზიტიურ გარემოსდაცვით გავლენას და ეკონომიკის ხელშეწყობას ქვეყანაში”- განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.
Gojo & Company, Inc.-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტაეჯუნ შინმა აღნიშნა: “მოხარულნი ვართ კრედო ბანკთან თანამშრომლობით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო მისია - ფინანსური ჩართულობის ამაღლება მსოფლიოში. კრედო ბანკი საქართველოს რეგიონებში გამორჩეულ როლს ასრულებს ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის შექმნაში, ჩვენ კი მოუთმენლად ველით მხარი დავუჭიროთ მის მუდმივ ზრდასა და განვითარებას.”
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „საქართველოს საბანკო სივრცეში მსგავსი წილობრივი მოცულობის იაპონური ინვესტიციის პრეცედენტი არ გვქონია. ყოველივე ეს მიუთითებს ქართული საბანკო სისტემის მიმართ არსებულ მაღალ ნდობასა და მდგრადობაზე. საერთაშორისო ინვესტორების ქვეყანაში შემოსვლა დადებითად აისახება საინვესტიციო კლიმატზეც, მათ შორის - ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიკაციას, საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობას ჩვენი მოსახლეობისათვის და კონკურენციის ზრდას. ჩვენი საფინანსო სექტორი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს, ემსახურება ეკონომიკას და ამაზე ეს ინვესტიციაც მეტყველებს.”
Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიისა და აფრიკის 13 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Gojo ჯგუფი 10 ათასზე მეტი თანამშრომლით ემსახურება 2.4 მილიონზე მეტ კლიენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 94 სერვისცენტრით, 480,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.