მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ia’s Valleys ექსპორტს გეგმავს - სად გაიყიდება მეგრული ღვინოები?

ღვინო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე მეღვინეობა Ia’s Valleys ევროპულ ბაზარზე გასვლისთვის ემზადება - კომპანია პირველ საექსპორტო პარტიას გერმანიაში გააგზავნის.

მეღვინეობის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან კონჯარია BM.GE-სთან აცხადებს, რომ გერმანულ პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და საწყის ეტაპზე, დაგეგმილია 300 ბოთლის სატესტო ექსპორტი, რომელიც გერმანიის HoReCa სექტორში განთავსდება.

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გერმანიასთან და პირველ ეტაპზე 300 ბოთლის ექსპორტს ვგეგმავთ. ჩვენი ღვინის ჩასაბარებელი ფასი დაახლოებით 25 ევრო იქნება“, – აცხადებს კონჯარია.

Ia’s Valleys, 2018 წელს შეიქმნა და მიზნად მეგრული მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება დაისახა. მეღვინეობა 5 ჰექტარზე გაშენებულ ადგილობრივ ჯიშებს აერთიანებს – მათ შორის ოჯალეშს, ჩხვიტილურს, მაჭყვატინას, ეკუძგურს, ასევე ციცქას, ცოლიკოურსა და კრახუნას.

კომპანია ბიოორგანული მეთოდითა და ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით მუშაობს. კონჯარიას თქმით, Ia’s Valleys ღვინო უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება – გერმანიაში გამართულ ბრმა დეგუსტაციაზე 100-დან 96 ქულა მიიღო.

მეღვინეობა ამ ეტაპზე ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს, თუმცა როგორც კონჯარია ამბობს, გაფართოება და ექსპორტის ზრდა კომპანიის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები