იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორგანიზებით პედიატრიული ენდოკრინოლოგიის და დიაბეტის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. სამედიცინო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები ეწვივნენ. სიმპოზიუმზე მოხსენებებით გამოვიდნენ პროფესორები შვედეთიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და ასევე საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ კონფერენციამ პედიატრიის, ენდოკრინოლოგიის, ნუტრიციოლოგიის, გენეტიკის, იშვიათი დაავადებების და სხვა მომიჯნავე სამედიცინო სფეროები გააერთიანა. საზღვარგარეთის წამყვანი პედიატრიული კლინიკებისა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და საინტერესო შემთხვევები განიხილეს. ასევე იმსჯელეს საქართველოში პედიატრიული ენდოკრინოლოგიის განვითარების შესახებ. საუბარი შეეხო ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის კვებითი ჩვევები ბავშვებში, თანდაყოლილი ჰიპერინსულინიზმი, დიაბეტის მართვა პედიატრიულ პაციენტებში, ზრდის დარღვევები და ა.შ.