იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო "ბაკურიანი ციდას" წყლით, ბავშვის შესაძლო ინტოქსიკაციაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ინფორმაციას იმის შესახებ რომ კლინიკაში ინტოქსიკაციით 120 ბავშვია ჰოსპიტალიზებული არ ადასტურებს.
კლინიკაში იმასაც ამბობენ, რომ მათთან ინტოქსიკაციით მკურნალობას ერთი ბავშვი გადის, მიზეზები კი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი.
შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს განცხადებაში.
ცნობისთვის, "ბაკურიანის" წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ განცხადება ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელეს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ კონკრეტულ მაღაზიაში „ბაკურიანი ციდას“ ნიმუშები შეამოწმა და დარღვევა არ გამოვლინდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი.
სეს-ის ცნობით კი „ბაკურიანი ციდას“ წყლით შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ ფორმაციის მიღებისთანავე სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ ბავშვი და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით 120 ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული.