მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იბადება თავისუფალი ბიზნესის ერთობა - კახა ხაზარაძე Freebusiness-ის პლატფორმაზე

კახა ხაზარაძე

ბიზნესმენი, ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე თავისუფალი ბიზნესის ერთობის დაბადებას უწოდებს პლატფორმა Freebusiness-ზე დარეგისტრირებული ბიზნესებს, რომლებსაც საერთო მოთხოვნები აერთიანებთ - ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლება.

კახა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე ასევე წერს, რომ ირაკლი კობახიძეს ეს არ მოსწონს და მხოლოდ 20 ბიზნესს ხვდება, რომლებიც მას ეკონომიკური კრიზისის დაძლევას სთავაზობენ.

"მეგობრებო მოგესალმებით. ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე საინტერესო რაც ხდება, კარგია ის, რომ იბადება თავისუფალი ბიზნესის ერთობა. 800-ზე მეტი კომპანიაა უკვე რეგისტრირებული და 800 რეგისტრაციის მოლოდინშია, ეს არის ის, რასაც ქვეყანა 30 წელიწადია ელოდება, ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას ამუშავებს 30 წელია. https://freebusiness.ge/

როგორც ჩანს ეს ბატონ კობახიძეს არ მოსწონს და ჩვენ - საზოგადოებას გვეუბნება, რომ 20 ბიზნესს სუბიექტს შეხვდა, რომელსაც ამ სიტუაციაში აქვს ფორმულა თუ როგორ დავძლიოთ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი, ამავე დროს გვიმალავს ამ კომპანიებს. პირიქით თუ ასეთები არსებობენ გამოიყვანეთ, გვაჩვენეთ, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ მათგან ის, რაც არ ვიცით. მაგრამ ეს ასე არ არის, როგორ შეიძლება იცოდეს 20-მა და არ იცოდეს 1500-მა.

ბატონო კობახიძე, რაც შეეხება შოთა არველაძეზე თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებასაც მინდა გამოვეხმაურო. შოთა არის ადამიანი, რომელმაც თავისი დამოუკიდებელი და წარმატებული ისტორია დაწერა. თქვენ მისი მეათასედიც არ გაგიკეთებიათ და მას დებატებში იწვევთ, თქვენ, რომელიც გახვედით კონსტიტუციის ჩარჩოდან და ცდილობთ ჩვენს შვილებს წაართვათ ევროპული მომავალი. მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ვამაყობ, რომ შოთას სახით ამ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი შვილი და ეგეთები ბევრნი არიან. ჩვენ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ყოველთვის ვიდგებით მათ გვერდით და საქართველოსაც მივიყვანთ გამარჯვებამდე", - წერს კახა ხაზარაძე.

ცნობისთვის, პლატფორმა Freebusiness.ge 15 დეკემბერს დაფუძნდა. პრეზენტაცია BMG tv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" გაიმართა. თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის დამფუძნებელმა განმარტა, რომ ბიზნესის მთავარ მოთხოვნებს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლება წარმოადგენს და ამ მოთხოვნების მხარდაჭერა ყველა ბიზნესს ვებგვერდზე დარეგისტრირებით შეუძლია. რეგისტრაციის შემდეგ სამუშაო ჯგუფი ახდენს ბიზნეს სუბიექტის ვერიფიცირებას და კომპანია მხარდამჭერი კომპანიების ჩამონათვალში ხვდება. ამასთან, პლატფორმაზე მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ ინფორმაცია რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ მათთვის საინტერესო კომპანიას. გადამოწმებისა და ვერიფიკაციის შემდეგ ეს ბიზნესები შესაბამისი პასუხის მიხედვით "მხარდამჭერ" ან "არ დაუფიქსირებია პოზიცია" გრაფის ქვეშ ერთიანდებიან.

დაფუძნებიდან მესამე დღეს, ამ დროისთვის თავისუფალი ბიზნესის მოთხოვნებს 818 კომპანია უჭერს მხარს, ხოლო 829 განაცხადი მუშავდება. ამასთან, იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებენ, 19 დეკემბერს 13:00 საათზე გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები