მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იბერია ფრუტსის" პროდუქციის 90% გერმანიაში იყიდება

5bd986f0adb80
მაია ბიწაძე
31.10.18 14:36
1236
"იბერია ფრუტსი" გაფართოებას და წარმადობის 30%-ით გაზრდას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა კოტე ხუციძემ Bm.ge-ს განუცხადა. მისი განმარტებით, კომპანია ახალი საშრობი დანადგარების შეძენასა და შენობა-ნაგებობის მოწყობას აპირებს, რისთვისაც 120 ათასი დოლარის ინვესტიცია სჭირდება. "იბერია ფრუტსი" ბიო ხილისა და კენკრის გამოშრობით პროდუქციას ამზადებს, რომლის 90%-იც - გერმანიაში, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. გერმანიაში კომპანიის პარტნიორი "მარტინ ბაუერია". გასულ წელს, კომპანიამ 200 ტონა პროდუქცია დაამზადა, წელს კი 300 ტონის წარმოებას გეგმავს.

საწარმო დუშეთში, სოფელ ჟინვალში მდებარეობს და ნედლეულს შემგროვებლებისგან იღებს, რომლებიც დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მოსახლეობაა. ისინი ნედლეულს ადგილობრივ შემგროვებელ პუნქტებში აბარებენ, საიდანაც კომპანია უზრუნველყოფს საწარმოში ტრანსპორტირებას.

წელს "იბერია ფრუტსი" 500 ტონა ვაშლს, 50 ტონა ასკილს, 30 ტონა ქაცვს და სხვა მცენარეებს ჩაიბარებს. ნედლეულის მიღების სეზონი დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.

"ნედლეული რომლისგანაც პროდუქციას ვამზადებთ ძირითადად ველური ხილი და კენკრაა, ის ბიოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, ამიტომ მხოლოდ ველურ ბუნებაში გროვდება. ესაა: ქაცვი, მოცვი, ასკილი, ველური ვაშლი, ძირტკბილა და სხვადასხვა მცენარეები. მათ ვაშრობთ და რეალიზაციას ვუკეთებთ. ეს ძირითადად საექსპორტო პროდუციაა, მას გერმანული "მარტინ ბაუერი" ყიდულობს, რომელიც ჩაის მწარმოებელი კომპანიაა. მცირე რაოდენობით საქართველოშიც იყიდება“ - განაცხადა კოტე ხუციძემ.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 230 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 92 000 აშშ დოლარი გრანტია, 85 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 30 000 აშშ დოლარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დახმარება, ხოლო დანარჩენი კომპანიის მფლობელთა ფინანსური თანამონაწილეობაა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები