განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის 1 წლით შეჩერება, უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს პრობლემას არ შეუქმნის. სანიკიძის განცხადებით, წელს უნივერსიტეტში ჩაბარებას აბიტურიენტები ვერ მოახერხებენ, თუმცა მათ სხვა ავტორიზებული უნივერსიტეტების არჩევა შეუძლიათ.
„ვერ დავეთანხმები უნივერსიტეტის განცხადებას, ვფიქრობ, რომ საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. მათ უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფოსთან დავა აქვთ, იმ თანხასთან დაკავშირებით რომლის გადახდაც ეკუთვნით ბიუჯეტში. მათი ქონება სრულადაა დაყადაღებული. ჩვენ მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. სტუდენტებს პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას, შეზღუდვა შეეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც აირჩიეს აღნიშნული უნივერსიტეტი და ჩვენ მათ სხვა ავტორიზებულ უნივერსიტეტს შევთავაზებთ“, - ამბობს სანიკიძე.

























