მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IBSU: სასწავლებელს სამართლებრივი დავის გასაგრძელებლად ორი ალტერნატივა აქვს

5b8546f7a53fe
თეო ივაშჩენკო
28.08.18 17:00
1254
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, სასწავლებელს სამართლებრივი დავის გასაგრძელებლად ორი ალტერნატივა აქვს:

გადაწყვეტილების სასამართლოს გზით გასაჩივრება ან სააპელაციო საბჭოსთვის აპელაციით მიმართვა. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ცენტრის მიერ გავრცელებულ პირველ შენიშვნაში პირველკურსელთა მიღების შეჩერების მიზეზად დასახელებული იყო მხოლოდ ფინანსური დავალიანება,შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ელოდება ახალ ოქმს, რათა ცენტრის მიერ განცხადებაში აღნიშნული „სხვა მოთხოვნების“ გათვალისწინებით გადადგას შემდგომი ნაბიჯები.

„ჩვენ არ წაგვიკითხავს, რას გვედავებიან ახალი გარემოებების გათვალისწინებით; ჩვენ არ ჩაგვბარებია ოქმი, რომლის მოსაწოდებლადაც მათ ათი სამუშაო დღე აქვთ. ამდენად დღეს უნივერსიტეტს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი სააპელაციო საბჭოსთვის მისამართად“ - აცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივესრიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე სუხიშვილი.

მისივე თქმით, თუ უნივერსიტეტი სააპელაციო საბჭოსთვის მიმართვას გადაწყვეტს, სამართლებრივი პროცესი დროში გახანგრძლივდება, რაც შეზღუდავს უნივერსიტეტის მიერ პირველკურსელების მიღების პროცესს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სასწავლებელმა „სამართლებრივი ვალდებულების არქონის“ მიუხედავად, 26 აგვისტოს დაფარა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება 700 ათასი ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციის თქმით, უნივერსიტეტის მიერ დავალიანების დაფარვის შემდეგ გაბათილდა ცენტრის მიერ გავრცელებული პირველადი მიზეზი, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფინანსური დავა აქვს სახელმწიფოსთან და ამიტომ ერთი წლით შეუზღუდა პირველკურსელების მიღება. 27 აგვისტოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პირველკურსელთა მიღებაზე დაწესებული შეზღუდვების მობილობის ვადის ამოწურვამდე მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

ამასთან, 800 აბიტურიენტს, რომლებმაც პრიორიტეტად აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლოთ შეეცვალათ საკუთარი არჩევანი. დღევანდელი დღის პირველი ნახევრის ინფორმაციით, 120 აბიტურიენტი კვლავ ელოდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის აბიტურიენტთა მიღების უფლების დაბრუნებას, თუმცა, ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რევიზია კანონითვე დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე.

„შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები“,- ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები