მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ICAO-ს რეიტინგში საქართველომ 106-ე პოზიციიდან 30-ზე გადაინაცვლა

5ab0f96fa3b6e
BM.GE
20.03.18 16:06
1379
საქართველომ ICAO-ს ( სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით 87,5 პროცენტი აჩვენა, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში და რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში აჩვენა. კერძოდ, ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

· სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.49%-ს შეადგენა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 62.47%-ს შეადგენს;
· სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 58.53%-ს შეადგენს;
· ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა - 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 71.46%-ს შეადგენს;
· ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც საავიაციო ხელისუფლების ორგანიზაციურ-სტრუქტურულ, ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლობებს სწავლობს, 91.57%-მდე გაუმჯობესდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 67.75%-ია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მსგავსად, მაღალი შედეგები აჩვენა სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურომ. ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი ამ კუთხით 90.1% გახდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი კი 55.54%-ს შეადგენს.

ICAO-ს აუდიტის ფარგლებში შემოწმდა შემდეგი სფეროები: სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა (ANS), აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობა (AGA), საავიაციო კანონმდებლობა (LEG), სამოქალაქო ავიაციის საორგანიზაციო სტრუქტურა (ORG) და საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა (AIG).

მიღებული შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმის მიხედვით 64.76%-დან 87.5%-მდე გაუმჯობესდება, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების რეიტინგში ქვეყანა 106-ე პოზიციიდან 30-ე პოზიციაზე დაწინაურდება.

საქართველო ICAO-ს წევრი 1994 წელს გახდა. 2016 წლის აუდიტის ფარგლებში, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.76%-იანი შედეგი აჩვენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები