ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ (ICCA) ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს სამშენებლო მასალის მცირე და საშუალო მწარმოებლების გაძლიერებას, სამშენებლო კომპანიების დახმარებით. პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო კომპანიების უმაღლესი რგოლის წარმომადგენლები, მენტორინგის პრინციპით, დაეხმარებიან მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს, დახვეწონ საკუთარ ორგანიზაციებში ბიზნესპროცესები და ისინი გახადონ მეტად მოქნილი და მორგებული დამკვეთი სამშენებლო კომპანიების ინტერესებზე.
პროგრამა ხორციელდება რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMEDP) პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ და დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.
ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ანა საბახტარიშვილის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს 25-დან 30-მდე მცირე საწარმოს წარმომადგენლის ჩართვას პროცესში.
“მენტორინგის პროგრამა სამი ეტაპისაგან შედგება. პირველი მათგანი გახლავთ თავად მენტორისა და მოსარგებლის (ე.წ. მენთიი) აქტიური სამუშაო ფაზა, მეორე ეტაპი არის სამშენებლო მასალების მწარმოებლებისათვის განკუთვნილი ტრენინგები და სემინარები, გამოკვეთილ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, ხოლო მესამე ეტაპი მოიცავს ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას მწარმოებლებისათვის და მათ თანადაფინანსებას. პროგრამა ხელს შეუწყობს, გაძლიერდეს ადგილობრივი სამშენებლო წარმოება და ინდუსტრია ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე, რაც, საბოლოო ჯამში, სექტორის და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აქსელერატორი გახდება”, - თქვა საბახტარაშვილმა.
მენტორინგის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა თებერვლის დასაწყისში, რომლის ფარგლებშიც, უკვე შერჩეული რამდენიმე მენტორი წარსდგა აუდიტორიის წინაშე. ესენი არიან კომპანია “ანაგის” გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი, კომპანია “პრაიმ ბეტონის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე სოკოლოვსკი და კომპანია “ენერგონის” ადმინისტრაციული დირექტორი ნინო მჭედლიშვილი.
მათ პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ინდუსტრიის წინაშე დგას, უშუალოდ, ადგილობრივი მწარმოებლებისა და სამშენებლო კომპანიების პარტნიორულ ურთიერთობაში და იმ გზებზე, რომლითაც ხედავენ ისინი პროგრამის ფარგლებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
“ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხედვის გაზიარება, სად მიდის სამშენებლო იდუსტრია, რა მოთხოვნები არის დასაკმაყოფილებელი, რომ ადგილობრივმა მწარმოებელმა შეძლოს მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფა. მშენებლობის სფეროს უამრავი გამოწვევა აქვს, იგივე ეხება სამშენებლო მასალების წარმოებასაც. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი დახმარება ინფორმაციის და ცოდნის გაზიარებასთან ერთად, არის მორალური მხარდაჭერა, რომ რეგიონში მოღვაწე მეწარმე არ დანებდეს, კარგად გაიაზროს მომავალი და გაიზიაროს ის შეცდომები თუ გამოცდილება, რომელიც ჩვენ 15 წლის განმავლობაში დაავაგროვეთ”, - განაცხადა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ.
ალექსანდრე სოკოლოვსკი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორში მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები, რომელთაც ესმით სამშენებლო სექტორის ფუნქციონირების სპეციფიკა და იცავენ გარემოსდაცვით და შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს, მოქმედ სტანდარტებს. მათ უნდა ესმოდეთ თუ რა გზით ვითარდება ბაზარი.
“უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი დამკვეთები ითხოვენ, რომ მომარაგების ჯაჭვი, ისევე იცავდეს ამ სტანდარტებს, როგორც ეს მოეთხოვება უშუალოდ მშენებელს. შესაბამისად, ითხოვენ, მომწოდებლის წარდგენას და იმის დასაბუთებას, რომ მომწოდებელს ჰქონდეს სისტემური მიდგმა აღნიშნული საკითხების მიმართ. კერძოდ, აუცილებელია, რომ მომწოდებელი იცავდეს როგორც პროდუქციის ხარისხის მოთხოვნებს, ასევე კომერციულ პირობებეს რომელიც მოქმედებს ინდუსტრიაში”, - ამბობს “პრაიმ ბეტონის” აღმასრულებელი დირექტორი.
კომპანია ენერგონის ადმინისტრაციული დირექტორი ნინო მჭედლიშვილი საუბრობს იმ მოტივაციაზე, რომელიც მას გააჩნია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში: “ჩემთვის მენტორის როლში ამ პროექტში მონაწილეობა საკმაოდ საინტერესო გამოწვევაა. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ვფიქრობ, საკმაოდ კარგ გამოცდილებას შევიძენ და სიღრმისეულ ინფორმაციას მივიღებ საერთაშორისო პრაქტიკებზე მენტორინგის მიმართულებით.
მიღებული გამოცდილება დამეხმარება როგორც ამ პროექტში, ასევე ჩემს ორგანიზაციაში, საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერების მენტორობაში, სიახლეების დანერგვის და ცვლილებების განხორციელების პროცესში.”
მენტორინგის პროგრამა 12 თვეს მოიცავს და სულ მალე დაიწყება შერჩევა იმ კანდიდატი კომპანიებისა, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას მიიღებენ.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცის მენტორინგის პროგრამა არის ერთ-ერთი, რომელიც ინიცირებულია შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებული RSMEDP პროექტის მიერ. ეს პროექტი მიზნად ისახავს უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნას, რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ფინანსებთან ხელმისაწვდომობის და ბიზნესის დამხმარე სერვისების მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი აძლიერებს სახელმწიფო სააგენტოებს, ბიზნესს ასოციაციებს და ბიზნესის დამხამრე სერვისების მიმწოდებლებს რათა მათ უზრუნველყონ რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა.
NS