საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტ იციკ მოშეს ინფორმაციით, დღეს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე სამ ებრაელ ინვესტორს შეხვდა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი აღნიშნული ინვესტორების პრობლემებს შეეხო.
როგორც იციკ მოშე აცხადებს, პრობლემების მოსაგვარებლად ერთი თვის ვადა განისაზღვრა.
„სამი ინვესტორიდან, ერთ-ერთის კომპანია ფლობს მიწას მცხეთაში და მორატორიუმის გამო ეკრძალებოდა მშენებლობის დაწყება, თუმცა ირაკლი ლექვინაძისგან შეიტყვეს, რომ მორატორიუმი გაუქმებულია და ახალი გეგმა მუშავდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჯერ პრობლემებს მივხედოთ და ამის შემდეგ გავაგრძელოთ ინვესტირება. ჩვენ ვმუშაობთ პარალელურად”, - განაცხადა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა.
იციკ მოშეს ინფორმაციითვე, ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაზე საუბარი იყო კიდევ ორ საინვესტიციო პროექტზე - კერძოდ, დიღომსა და თბილისის ზღვაზე არსებულ მიწებზე, სადაც ებრაელ ინვესტორებს მშენებლობა დროებით ეკრძალებოდათ.

























