მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ICR ჯგუფი": 100 ტონამდე ლურჯი მოცვის მოსავალი ავიღეთ, მომავალ წელს 50%-იან ზრდას ველით

ICR ჯგუფი

"ICR ჯგუფმა", რომელიც დასავლეთ საქართველოში ლურჯი მოცვის პლანტაციებს ფლობს, წელს 100 ტონამდე მოსავალი აიღო. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში „ICR ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ განაცხადა, მოცვის მოსავალი ექსპორტზე გავიდა.

მისივე თქმით, მათი საექსპორტო ბაზრები წელს ევროპული ქვეყნები იყო, თუმცა მომავალი წლიდან კომპანია სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

„მომავალ წელს, მოსავლის ალბათ 50%-იან ზრდას ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ წლების წინ განვახორციელეთ ამაში ინვესტიცია. საექსპორტო ბაზრები ძირითადად ევროპის ქვეყნებია, მომავალი წლიდან ალბათ, გალფის ქვეყნებზეც ვიფიქრებთ, ვინაიდან რაოდენობა რომ გაგვეზრდება, დივერსიფიკაციისთვის სხვა ბაზრებიც დაგვჭირდება“, - აღნიშნა მან.

ხაზარაძის თქმით, „ICR ჯგუფი”, რომელიც ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს აერთიანებს, ახალ პროექტებს არ გეგმავს. მოცვის პლანტაციების გაშენება კი ექვსწლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც გაშენების პროცესი წელს სრულდება.

„ბოლო 10 ჰექტარის განაშენიანება გვქონდა დაგეგმილი და შემოდგომაზე ამას ვასრულებთ.

ამგვარად, მიმდინარე პროექტებს ვასრულებთ, მაგრამ ახალი პროექტები წელს და არც მომავალი წლის გეგმაში არ გვაქვს, ვინაიდან რთულია პროგნოზის გაკეთება წლიურ კი არა, კვარტალის ჭრილშიც“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები