“ონლაინ გაყიდვები რომ არ აკრძალულიყო, წლიურ ჭრილში იქნებოდა ლარში 2–მილიარდიანი ბაზარი, რაც თვის ჭრილში გამოდის 170-180 მლნ.” - ამის შესახებ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ონლაინ გაყიდვების შარშანდელი ბაზარი საქართველოში, დაახლოებით ნახევარი მილიარდი იყო.
"ჩვენს გაყიდვებს ეჭირა, დაახლოებით 0,5-2%, როგორც კი პანდემია გამოცხადდა, ჩვენ გაგვიხუთმაგდა ონლაინ გაყიდვებზე მოთხოვნა. 10 დღის განმავლობაში ვიმუშავეთ ამ რეჟიმში, სანამ აგვიკრძალავდნენ და ამ პერიოდში ჩვენს გაყიდვებს დაახლოებით 10% ეჭირა. გახუთმაგების შემთხვევაში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წლიურ ჭრილში იქნებოდა 2 მლრდ-იანი ბაზარი, ლარში ვგულისხმობ, რაც თვის ჭრილში გამოდის 170-180 მლნ. აქედან 15% პერსონალის ხელფასებში მიდის", – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, სამი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრთან ბიზნესების შეხვედრის დროს, მათ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ.
"როცა საწყობში ათეული მლნ საქონელი გვიდევს, შესაბამისად, შემოსავალი არ გვაქვს და თან ამ დროს კონტეინერებს ვიღებთ გასაბაჟებლად, ვთხოვეთ, რომ საბაჟო დღგ გაეჩერებინათ და გადაეტანათ გაყიდვებიდან, რაც მარტივი მოთხოვნაა. გვითხრეს, რომ სამართლიანი მოთხოვნაა და დაგვიბრუნდებოდნენ... მას შემდეგ 3 კვირაა გასული", – აღნიშნა კახა ხაზარაძემ.