ICR ჯგუფი თბილისში სასაწყობო მეურნეობის შექმნას გეგმავს, რაც ახალი სასაწყობო ფართის მშენებლობას და მის სრულ აღჭურვას გულისხმობს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.
კახა კახაზარაძის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 4 მლნ დოლარია.
კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, სასაწყობო მეურნეობა სრულად მოემსახურება ჯგუფში შემავალ ორ ყველაზე მსხვილ კომპანიას: შპს „ჩემ სახლს“ და შპს „აი სი ტრეიდს“. „აღნიშნული ჯგუფის ორივე კომპანიას დაეხმარება ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებაში, ასევე გაიზრდება ქსელის მომარაგების ეფექტიანობა და აღრიცხვიანობის სიზუსტე“, - წერია დოკუმენტში.
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, სასაწყობო ფართის მშენებლობა წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რიგი ხელის შემშლელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.
„ვგულისხმობ, შესაბამისი ნებართვების მიღებას და დოკუმენტაციის მოწესრიგებას, თუმცა ბოლოში ვართ, პროექტირებას ვასრულებთ და ვფიქრობ, 2024 წლის ბოლოსთვის გამართული სასაწყობო მეურნეობა გვექნება. ამასთან, წელს დასრულდება პროგრამული უზრუნველყოფის განახლების პროექტი და 2024 წლის ჯგუფი აღრიცხვიანობის ახალ სისტემაზე გადავა. ოთხი წელია ამ პროგრამაზე ვმუშაობთ“, - თქვა კახა ხაზარაძემ.
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი:
შპს „აი სი არ ტრეიდი“ - ის ჯგუფის მთლიან შემოსავლებში 69%-იანი წილით წარმოადგენს ყველაზე მსხვილ მიმართულებას. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ფეხსაცმლის, ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობას.
შპს „ჩემი სახლი“ აერთიანებს ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების საცალო და საბითუმო ქსელს. 2017 წლიდან „შპს ჩემი სახლის“ მართვის ქვეშ არის სავაჭრო ნიშანი „ლაბორატორია ჩემი სახლი“.
შპს „აი სი არ ფუდ ენდ ბევერიჯი“ რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება 2022 წლის ბოლოს აერთიანებდა კვების 2 ობიექტს: „ტაბლა“ და „პომოდორისიმო“.
შპს „ჯეო ორგანიკს“ რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა დაფუძნდა 2016 წელს.