მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იდეები კარგი იყო, თუმცა ვერცერთი განახორციელა ისე, როგორც საჭირო იყო - ჯანდაცვის სპეციალისტი აზარაშვილზე

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სპეციალისტის და „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ვატო სურგულაძის შეფასებით, ზურაბ აზარაშვილს როგორც ჯანდაცვის მინისტრს კარგი იდეები ჰქონდა, თუმცა ვერც ერთი ისე ვერ განახორციელა, როგორც საჭირო იყო. ამრიგად, დარგის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ორი ძირითადი რეფორმა, რომელშიც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ცვლილებები უნდა შეიტანოს კლინიკების დაფინანსების მოდელი DRG და მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასებია.

სურგულაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში ბოლო პერიოდში დანერგილი რეფორმები საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა, თუმცა მისი თქმით, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის პირობებში აღნიშნული რეგულაციები არაპროფესიონალურად განხორციელდა, რამაც როგორც ჰოსპიტალური სექტორი, ასევე ფარმაცევტული ბაზარი დააზარალა.

„რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს მუშაობას, იდეები კარგი იყო, თუმცა ვერცერთი ვერ განახორციელა ისე, როგორც საჭირო იყო. იყო ცოდნის და გამოცდილების დეფიციტი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მივიღეთ DRG სისტემა, რომელიც არ მუშაობს და რეფერენტული ფასები, რომელმაც ბაზრიდან ხარისხიანი ევროპული და ამერიკული მედიკამენტები გააქრო. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ახალი ჯანდაცვის მინისტრის პირობებში რეფერენტული ფასები ან სერიოზულად უნდა გადაიხედოს ან საერთოდ უნდა მოიხსნას ეს რეგულაცია. რაც შეეხება DRG-ის, უნდა იყოს რეალური, საბაზროსთან მიახლოებული ფასები და არა რაც ახლაა. ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს ფასების ინდექსაცია და ინფლაციის მიხედვით განფასების გადახედვა“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 1 მარტს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციებით შეირჩევა და ამ პროცესში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები