მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იდენტიფიცირებული იქნება კომპანიები, ვისთანაც ეკონომიკურ დესპანებს მოუწევთ მუშაობა"

5c1cb120913d0
მარიამ ადამია
21.12.18 14:13
942
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, იდენტიფიცირებული იქნება კონკრეტული კომპანიები, ვისთანაც ეკონომიკურ დესპანებს მოუწევთ მუშაობა.

ამის შესახებ ხვთისიაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ „კომერციული ატაშეების დონე ეკონომიკური დესპანების დონეზე აიწია და ინსტიტუტის სახეცვლილი ინიციატივა განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ეკონომიკაზე იქნებიან მიმაგრებულები, რაც საქართველოს გაცილებით მეტ შედეგს მოუტანს“.

„საელჩოები ერთ-ერთი ძირითადი ქსელია საზღვარგარეთ, რომლის მთავარი მიზანი ადგილზე შესაძლებლობების იდენტიფიცირება, საზღვარგარეთ ბიზნესთან, მათ შორის მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობაა, იმისათვის, რომ მოიზიდონ და ჩაადებინონ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში, გაახსნევინონ წარმომადგენლობები და შექმნან უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კომერციული ატაშეების დონე ეკონომიკური დესპანების დონეზე აიწია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ „ბიზნესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ წარმატებულად განხორციელდეს სამთავრობო პროგრამა“.

„დიპლომატიური მისიები აქტიურად მუშაობენ, რომ არსებული შესაძლებლობები, რაც შექმნილია თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, თუ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, გამოიყენოს ქართულმა ბიზნესმა, განვითარდეს, დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები, გაფართოვდეს წარმოება, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილები, მეტი პროდუქტი იწარმოოს და ექსპორტიც გაიზარდოს“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იქნება საპილოტე პროგრამა, რომელიც საწყის ეტაპზე 6 ქვეყანაში განხორციელდება, დაიფარება რეგიონალური ქვეყნები და შემდეგ პროცესში გამოჩნდება თუ რა იქნება დასახვეწი.

„რაც შეეხება სამუშაო გეგმას, მუშაობა სამმხრივ ფორმატში მიმდინარეობს, სადაც ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და დიპლომატები“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები