მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IDFI-ის კვლევა: რამდენჯერ შემოუვლიდნენ გუბერნატორები დედამიწას TOYOTA LANDCRUISER-ებით?

5cf62d9f2aafc
თელარა გელანტია
04.06.19 12:34
1147
IDFI-იმ გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები  გაანალიზა  (სრული კვლევა).
.
ამ მიზნით, IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

IDFI-მ გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების განკარგვასთან (უსასყიდლოდ გადაცემა, თხოვება და ა.შ.) დაკავშირებით ასევე ინფორმაცია მოითხოვა ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე;

ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული;

გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ;

2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;

2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა;
2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი;

2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან;

2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს;

თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით, სამჯერ შემოუარეს დედამიწას;

2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს;

2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები