IDFI-მ 2013-2017 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის დინამიკა შეისწავლა და დაადგინა, რომ „საქართველოს მთავრობა სარეზერვო ფონდის თანხას გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის იყენებს“. კერძოდ, იგივე მოცულობის თანხა დაიხარჯა ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე.
„მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან ხშირად თანხები გამოიყოფა საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დასაფარად კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობას.“ - ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
კვლევამ ცხადყო, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით მინიმუმ 80%-ით იზრდებოდა. ფონდის შევსება სხვადასხვა გზით ხდებოდა, მათ შორის: საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე; ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე; ბიუჯეტში სხვადასხვა კატეგორიის ასიგნებების შემცირების ხარჯზე.

























