მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IDFI საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვაზე კვლევას აქვეყნებს

5b8e2b8f6fba9
BM.GE
04.09.18 11:00
838
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“(IDFI) საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვაზე კვლევას აქვეყნებს. საუბარია 737,000 ლარის ღირებულების შესყიდვაზე, რომლითაც უწყებას ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევა უნდა შეესყიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესყიდვა გაუმჭვირვალედ ჩატარდა. ამასთან, მათი მტკიცებით არსებობს სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიის მფლობელსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის ნათესაური კავშირი;

IDFI-ს დასკვნა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ადაპტაცია-ცვლილების და საპროექტო სამუშაოს შესყიდვა შეიცავს რისკებს, რომლებიც აღნიშნულ შესყიდვას საეჭვოს ხდის.

- შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა;

- დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში;

- ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე;

- კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი;

- კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში.

„ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირმა/პირებმა გამოიყენეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება, რათა სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით, პირდაპირი წესით გაეფორმებინათ კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე 1 დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემოებებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება.

ჩვენ მიერ გამოვლენილი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გავრცელება მთავრობის სარეზერვო ფონდებით გაწეულ ხარჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამჭვირვალობა, კონკურენტული გარემო და საეჭვო გარიგებების პრევენცია”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://idfi.ge/ge/suspicious_procurement_done_by_the-ministry_of_foreign_affairs_of_georgia

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები